შვეიცარიის უმსხვილესმა საბანკო ორგანიზაციამ, UBS-მა ეროვნული ბანკის ქარტიის მიღების მოთხოვნით შტატების ვალუტის კონტროლის ოფისს მიმართა. როგორც ფინანსურ ინსტიტუტში განმარტავენ, სახელმწიფო რეგულატორისაგან თანხმობის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში UBS-ის შვილობილი ბანკი “UBS Bank USA” შეიქმნება.
შვეიცარიული საფინანსო სექტორის გიგანტის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ბოლო პერიოდში სახელმწიფო ორგანოებმა UBS-სა და სხვა მსხვილ მოთამაშეებს სერიოზული რეგულაციები დაუწესეს, რაც კომპანიების მოგებაზე უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად, ახალი, ნაკლებად რეგულირებული ბაზრის ათვისებით შვეიცარიულ გიგანტს შემოსავლების გაზრდა და მშობლიურ მხარეზე დამოკიდებულების შემცირება სურს.
არსებული ინფორმაციით, თანხმობის მიღების შემთხვევაში, UBS ამერიკელ მომხმარებელს საბანკო სერვისების მთელ პალიტრას შესთავაზებს. ეს კი მოიცავს ჩეკების სისტემას, სადეპოზიტო ანგარიშებს და სესხის გაცემას უძრავი ქონების შესაძენად. UBS-ში მოელიან, რომ თანხმობას 2026 წლის ბოლომდე მიიღებენ. თუ ბანკი ამ შედეგს მიაღწევს, ის გახდება შვეიცარიულ საფინანსო სექტორში პირველი, რომელმაც ამერიკაში ბანკი გახსნა.
“UBS Bank USA”-სთვის მზადების პარალელურად, აქტიურად განიხილება სცენარი, რომ შვეიცარიულმა გიგანტმა სამშობლო დატოვოს და სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიტანოს. შესაბამისად, თავი აარიდოს ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას, რასაც შვეიცარიის მთავრობა მსხვილ მოთამაშეებს აკისრებს. თუმცა UBS-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ახალი ბაზრების ათვისებაა, სათავო ოფისის შტატებში გადატანა კი დროებით გადავადებულია.




























