მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UBS-მა აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის რეიტინგი ჩამოაქვეითა

UBS

უმსხვილესმა შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა, UBS-მა აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის რეიტინგი ჩამოაქვეითა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული აღმასვლის ტენდენცია რთულ ფაზაში შედის.

ბანკის ანალიტიკოსების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მოგების ზრდის ტემპის საგრძნობი შენელებაა; თუ გასულ წლებში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მოგება 40-50%-ით იზრდებოდა, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 15-20% იქნება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სექტორის აქციების ღირებულება ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ინვესტორებისთვის რისკებს ზრდის და პოტენციურ ამონაგებს ამცირებს.

ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას გაზრდილი კაპიტალური ხარჯების ეფექტიანობაზე ამახვილებენ, რადგან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Microsoft, Google, Amazon და Meta, მილიარდობით დოლარს დებენ AI ინფრასტრუქტურაში, თუმცა ამ ინვესტიციებიდან პირდაპირ ფინანსურ სარგებელს ჯერჯერობით ვერ იღებენ.

გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნება უარყოფითად მოქმედებს ზრდაზე ორიენტირებულ კომპანიებზე, რის გამოც UBS ინვესტორებს ურჩევს, ყურადღება უფრო სტაბილურ და ამჟამად შედარებით იაფ სფეროებზე გადაიტანონ, როგორიცაა, მაგალითად: ენერგეტიკა ან ჯანდაცვა.

მიუხედავად რეიტინგის დაწევისა, ბანკი არ მოუწოდებს ინვესტორებს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაყიდვისკენ, რადგან ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიანი პოტენციალის უგულებელყოფა შეუძლებელია.

ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი უფრო მეტად პორტფელის დაბალანსებისკენ მოწოდებაა, ვიდრე სექტორიდან სრული გასვლის სიგნალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები