მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი სტუდენტებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ - მინისტრი

643e9303a09d1
მარიამ ვარადაშვილი
18.04.23 16:55
538
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, უცხოელი სტუდენტებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების საკითხზე მუშაობენ.

“უცხოელი სტუდენტები გარკვეულ როლს თამაშობენ ჩვენი განათლების დაფინანსებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განათლებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ხარისხი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რათა ის მოპოვებული ხარისხი, რის გამოც ყოველწლიურად იზრდება საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა შევინარჩუნოთ. მეორე მხრივ მოვაგვაროთ ის ბიუროკრატიული თუ სხვა სახის ბარიერები, რაც პროცესს მცირედით წელავს და ჩვენს უნივერსიტეტებს სასწავლო წლის დაგეგმვაში ხელს უშლის. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ”,-ამბობს ამილახვარი.

მისივე თქმით, ეს საკითხი მხოლოდ განათლების სამინისტროს არ ეხება და ამ პროცესში საგარეო და იუსტიციის სამინისტროებიც არიან ჩართულნი.

“ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მთავრობის შიგნით ეს საკითხი განიხილება. განვიხილავთ იმას, რომ ის პროცედურული პრობლემები, რაც ამ პროცესს თან ახლავს პირველ ეტაპზე შევამციროთ და შევქმნათ ისეთი სისტემა, რაც უცხოელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს უფრო იოლი წვდომა ჰქონდეთ ქართულ განათლების სისტემასთან”, - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა 14 მლნ ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უცხოელი სტუდენტებისა და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დინამიკას ეხება.

კვლევის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3 508-იდან (27 ქვეყნიდან) 20 690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3% იყო.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებაზეც: “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას ეკონომიკურ განვითარებაში. ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რადგან მიმაჩნია რომ ეს დასაქმებისკენ უმოკლესი გზაა. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმზე თუ როგორ გავაძლიეროთ კერძო სექტორის მონაწილეობა განსაკუთრებით პროფესიულ განათლებაში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები