2025 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს შორის თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს აშშ იკავებს. საანგარიშო პერიოდში ეკონომიკაში ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 142 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2024 წლის პირველ 9 თვეში განხორციელებულ ინვესტიციებთან შედარებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ III კვარტალში აშშ ქვეყნების რეიტინგში 93.5 მლნ დოლარით პირველ ადგილს იკავებს.
BMG დაინტერესდა - რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო წელს ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან. საქსტატის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ პირველ ადგილზე უძრავი ქონების სექტორია, მეორეს კი ინფორმაცია-კომუნიკაციის დარგი იკავებს. სექტორების მიხედვით ამერიკული ინვესტიციების რეიტინგი ასეთია:
- უძრავი ქონება - $64.9 მლნ;
- IT - $61.9 მლნ;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური სექტორი - $4.2 მლნ;
- განათლება - $3.7 მლნ;
- მშენებლობა - $2.3 მლნ;
- ჯანდაცვის სექტორი - $1 მლნ;
რაც შეეხება TOP-10 ინვესტორ კომპანიას, სადაც ყველაზე მეტი ამერიკული FDI ჩაიდო, ჩამონათვალში ვხდებით „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერია.
TOP-10 ინვესტორი კომპანია ამერიკული ინვესტიციებით:
- შპს მაგთიკომი
- სს დარიალი ენერჯი
- შპს ფილდკორ სერვის სოლუშენს ინთერნეშენალ ჯორჯია
- შპს ჯიი ვერნოვა ინთერნეიშენალ-ის ფილიალი საქართველოში
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
- რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა;
- World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
- ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში


























