„ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაურის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ბანკების მიერ ბიზნესს პორტფელების დაფინანსებისგან თავშეკავებაც ადასტურებს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ განაცხადა, სადაც დარგის წარმომადგენლებში უძრავი ქონების სექტორში არსებულ ბოლო ტენდენციებს აფასებდნენ.
მალხაზ კუნელაური მიიჩნევს, რომ იანვარში თბილისში ბინების გაყიდვების შემცირება კარგი მაჩვენებელია იმის, თუ რა მდგომარეობაა სექტორში. „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპი“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბანკები ვითარებას გრძელვადიან პერიოდში აფასებენ, შეჩერებული ევროინტეგრაციის ფონზე არც ისე განჭვრეტადია.
„მოცემულობას ორ ნაწილად გავყოფდი და შევაფასებდი. ერთი ის, რაც დღეს არის. დღეს ბიზნესი მეტ-ნაკლებად თავის ლიკვიდურობას ინარჩუნებს. კვლევების მიხედვით, იანვარში თბილისში გაყიდვების კლება 7% იყო და ქალაქში კლების მაჩვენებელი არ არის კარგი, რადგან ქალაქში საცხოვრებელი სახლები შენდება და ქალაქში საყოფაცხოვრებო საჭიროებები უფრო მოთხოვნადია, ვიდრე მაგალითად საკურორტო რეგიონებში, სადაც არასაყოფაცხოვრებო ქონებას იძენ დამატებითი მოთხოვნებისთვის, იქ უფრო ნაკლებია ხოლმე ზრდა და უფრო ქალაქად მშენებლობები დომინირებს. ასეთი ტიპის შემცირება როდესაც თბილისში გვაქვს, საყურადღებო უნდა იყოს. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობა იქნება, მაგრამ იმას რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ადასტურებენ ბანკები, რომლებსაც ბიზნესთან ძალიან დიდი პარტნიორული გამოცდილება აქვს, გასული წლებისგან განსხვავებით უფრო ხისტები არიან, გარკვეული მიმართულებით უფრო ფილტრები დააწესეს და ახალი ბიზნესპორტფელების დაფინანსებისგან თავს იკავებენ. ამას თავისი მიზეზები აქვს და რეალურად თუ ყველაფერი კარგად მიდის და რიგზე აქვთ, მაშინ ბანკები ასეთი დაძაბულები არ იქნებოდნენ.
ვფიქრობ, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ პრობლემას და მეც გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ პრობლემას, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მოცემულობა, პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობასთან და ქვეყნის ევროპული კურსის გაჩერებასთან“, - ამბობს მალხაზ კუნელაური.
კითხვაზე - რა გავლენას ახდენს შექმნილი ვითარება მომხმარებლის განწყობასა და ბანკების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები, ხომ არ იყო ჭარბი მიწოდების ხელოვნური შეზღუდვის მცდელობა, მალხაზ კუნელაური პასუხობს, რომ ბანკების ინტერესი მხოლოდ ბიზნესპროექტების მოგებიანობაა და არა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რეგულირება.
„ჭარბ მიწოდებას ბაზარი აქამდეც არეგულირებდა. ბანკები, როგორც კონკრეტული დეველოპერების ბიზნესს პარტნიორები, მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკურ გათვლებს, რომელიც შეიძლება იყოს უფრო სახელმწიფოს, ეროვნული ბანკის ან სხვა ფინანსური პოლიტიკის საგანი, ბანკები ამ ჭრილში ამას ნაკლებად განიხილავენ, მათთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ბიზნესს პორტფელის მოგებიანობა, ნაკლები რისკები და ამ რისკების ნაკლებობის თვალსაზრისით მიღებული არგაპრობლემებური ქეისი. შესაბამისად, ფაქტი ერთია - ბანკებმა საურთიერთო კალათაში შემოიღეს, ასეთი ტიპის დამატებითი შეთანხმებები, შეკრულ პროექტებშიც კი, სადაც აფრთხილებენ პარტნიორ კომპანიებს, რომ თუ ის პირდაპირ ან ირიბად აღმოჩნდება დასანქცირებულ პირთან კავშირში, მასზე ბანკი თავისი შეხედულებით გადაწყვეტს ვის მიმართ როგორც მოიქცეს. რადგან ბაზარზე და სამართლებრივ ურთიერთობებში ასეთ რაღაცები ჩანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკებს მხოლოდ ჭარბი მიწოდება კი არ აშინებთ, ეს ნიშნავს რომ ამაზე ფიქრობენ და თუ ამაზე ფიქრობენ, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მათთვის ფინანსური სანქციები. იმიტომ რომ თუ სხვა ძლიერი ეკონომიკებისთვის თუ ფინანსურის სანქციები საფრთხის შემცველია, არ მგონია საქართველოს ბანკები პროცესებისგან დისტანცირებას მხოლოდ ჭარბვალიანობის გამო ახდენდნენ“, - განმარტავს „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამდუძნებელი.
დარგის წარმომადგენელი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ევროპელ და რეგიონულ ინვესტორების განწყობებზეც აისახება და ისინი ინვესტირებისგან თავს იკავებენ.
„არსებული გარემო აბნევს მათ შორის დასავლურ ინვესტიციებს და ინვესტორებს. როდესაც ქვეყანაში ინვესტორი შემოდის და ელაპარაკები, არამხოლოდ ევროპულ ინვესტიციებზე, არამედ რეგიონის ქვეყნების ინვესტორებზე ვსაუბრობ, მაგალითად ყაზახებზე, მათთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილური გარემო, იმიტომ რომ საქართველო იმით იყო საინტერესო, რაც ჩვენთვის ხელშესახები იყო.
ეს მოცემულობა ბევრისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყო. კონკრეტულად ვიცი ძალიან ბევრი ინვესტორი, რომლებიც ამწუთას ახალი პროექტების ხელგაშლილად დაფინანსებისგან თავს იკავებენ, ვიდრე არ გაირკვევა რა მოხდება მომავალში. ამას ფონად გასდევს ძალიან ცუდი რეციდივის გარემო, რასაც სანქციები ჰქვია, რადგან მისი ეფექტი მხოლოდ ერთ ადამიანს და სუბიექტს არ ეხება, სანქციების ეფექტმა შეიძლება დააზარალოს მომიჯნავე მხარეები, რომლებიც შეიძლება უშუალოდ არ იყვნენ დასანქცირებულები, მაგრამ სხვადასხვა წრეებთან ბიზნესურთიერთობები ჰქონდეთ. ამიტომ როდესაც ასეთი ტურბულენტური გარემოს წინაშე ვდგავართ და კონკრეტული გადაწყვეტის გზები არ გვაქვს, მხოლოდ იანვარ-თებერვლის გაყიდვებით, რაშიც შემცირება გვქონდა, გრძელვადიანი პერსპექტივის შეფასებისას, მშვიდ, წყნარ და სტაბილურ გარემოში თავის წარმოდგენა, ვფიქრობ, თავის მოტყუება იქნება.
ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახოთ მყარი განვითარების სტაბილური გარემო, როდესაც მე ხვალ ღიად და არა რაღაც იატაკქვეშა კარტელური გარიგებებით მივალ და ინვესტორს დაველაპარაკები რატომ უნდა შემოვიდეს საქართველოში. ამ დროს ინვესტორი ძალიან ბევრ რამეს კითხულობს, მათ შორის კითხულობს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მივა თუ არა მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მიიღებს თუ არა ეფექტს. ბევრი საკითხია იმასთან დაკავშირებული, რასაც ევროპული კურსიდან გადახვევა ჰქვია, მათ შორის უსამართლო სასამართლო გარემოს შექმნა, რომელიც ინვესტორებს აფრთხობს. ფაქტია ისიც, რომ ბანკებს დაფინანსება შეჩერებული აქვთ“, - ამბობს მალხაზ კუნელაური.