BMG-ს და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“-ს ერთობლივი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ბათუმიდან მაუწყებლობას იწყებს. ყოველი თვის ბოლო სამშაბათის გადაცემა ბათუმში ჩაიწერება და იქ მიმდინარე პროექტებსა და განაშენიანების სპეციფიკაზე გიამბობთ.
„გადაცემის არსებობის მესამე წელს გადავწყვიტეთ, რომ თვის ერთი გადაცემა სრულად მიეძღვნას აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების გაშუქებას. იცით, რომ რეგიონი ძალიან დინამიკურად ვითარდება და ამაზე გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ხშირად გიყვებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მისი სრულად ათვისებისთვის აუცილებელია ადგილიდან ოპერირება. მით უფრო ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ დეველოპმენტი აჭარაში გასცდა ბათუმს და ამ მხრივ,არაერთი საინტერესო კონცეფციის პროექტი დაიწყო ან უახლოეს ხანებში დაიწყება როგორც ზღვისპირა კურორტებზე, ისე მაღალმთიან აჭარაში. გვინდა რომ უფრო მეტად ვიყოთ ამ დინამიკის და პროცესების თანამონაწილეები. დარწმუნებული ვარ,ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე გიამბობთ და ასევე,იმ თანამდევ გამოწვევებზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რაც კურორტების განაშენიანებას უკავშირდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მომდევნო გადაცემა, რომელიც ეთერში გავა 28 იანვარს უკვე ბათუმური ამბებით იქნება დატვირთული. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის ჩვენს უცვლელ პარტნიორს და მეგობარს „ალიანს ჯგუფს,“ რომელიც დაარსების დღიდან გადაცემის მხარდამჭერია.
ჩვენ ღია ვართ ყველა მხარესთან კომუნიკაციისთვის, მზადყოფნას გამოვთქვამთ სფეროს წარმომადგენლებისთვის ეთერის დათმობაზე და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ უკეთესი პროექტების და ქალაქების მშენებლობას.“ - განაცხადა გადაცემის ერთ-ერთმა ავტორმა და წამყვანმა თათია ჩაფიჩაძემ.
„უძრავი ქონების პროსპექტი“ BMG-ის პირდაპირ ეთერში 2022 წლის 25 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს, 16:05სთ-ზე გადის.
გადაცემის წარმდგენია „ალიანს ჯგუფი.“




























