მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შექმნა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება - რატი მორჩილაძე

რატი მორჩილაძე

“ფორსაითის” დირექტორის და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ანუ ე.წ. REIT-ების შექმნა საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება.

საქმე ისაა, რომ საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. შესაბამის კანონმდებლობაზე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ და საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში მიმდინარე წელს იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

როგორც რატი მორჩილაძე BMG-სთან აცხადებს, ქვეყანაში მსგავსი საინვესტიციო ფონდების გაჩენა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მეორე მხრივ, კი გაზრდის უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობებს.

მისი თქმით, მსგავს ფონდებში თანხის დაბანდება გარკვეულწილად საბანკო დეპოზიტის ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს, რადგან მათ შორის ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შედარებით დაბალი ინვესტიციით შევიდნენ უძრავ ქონებაში.

“ზოგადად საინვესტიციო დარგში ე.წ. REIT არის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი, იმიტომ რომ კონცეპტუალურად არის ძალიან მარტივი, ეხება უძრავ ქონებას, რომელიც სტრუქტურირებულია ფინანსური პროდუქტის სახით, რეგულირებადი ფინანსური პროდუქტის სახით და ასევე ეს აჩენს საშუალებას, რომ ადამიანმა ძალიან მცირე თანხით დაიწყოს ინვესტირება. REIT ეს არის საინვესტიციო ფონდი, რომლის პოლიტიკა ძალიან ნათლად და ცხადად ამბობს, რომ მოზიდული თანხა უნდა განთავსდეს მხოლოდ იჯარის დამაგენერირებელ უძრავ ქონებაში და ფონდის მიერ მიღებული შემოსავლის მინიმუმ 90%-ზე მეტი ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად უნდა განაწილდეს ინვესტორებზე. ანუ ძალიან მარტივი ინსტრუმენტია, მხოლოდ უძრავ ქონებაში ხდება განთავსება და მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი ფონდის მიერ ნაწილდება ინვესტორებზე.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დეპოზიტების ალტერნატივა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ რისკიანობა საკმაოდ დაბალია, გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზეა საუბარი და ასევე აქვს ეს რეგულარული შემოსავლის ასპექტი, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ მისი დანაზოგისგან მიიღოს აქტიური ყოველთვიური თუ ყოველკვარტალური შემოსავალი.

საქართველოში რამდენიმე წელია მიდის საუბარი, რომ განვითარდეს REIT-ის პროდუქტი. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ეს არის პოტენციურად მასიური, ე.წ. „რითეილ“ პროდუქტი.

მარეგულირებელსაც და კანონმდებლებსაც ხედვა აქვთ ის, რომ ეს იყოს საცალო, ანუ ე.წ. ავტორიზებული ფონდი, რომელზეც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს და მინიმალური შენატანი, რაც შეიძლება იყოს ამ ფონდში, რა თქმა უნდა იქნება დაბალი - შეიძლება ეს იყოს 500 დოლარი, 1000 დოლარი და ა.შ. ამ გზით ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, რომ მოიპოვოს ფლობა საკმაოდ დიდი უძრავი ქონების პორტფელზე ძალიან მცირე თანხით, რასაც ის დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად რომ წახვიდე და იყიდო დიდი უძრავი ქონება, ამისთვის დიდი კაპიტალია საჭირო”, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები