კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის, ბესიკ ორთოიძის განცხადებით, უძრავი ქონების სექტორში დასტაბილურების პერიოდი იწყება. როგორც "საქმიან დილაში" ორთოიძემ აღნიშნა, როცა 2023 წელს სექტორის კლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ის 2022 წლის მონაცემებს დარდება, როცა სექტორი არაბუნებრივად გაიზარდა.
"როცა გარკვეულ შემცირებაზე ვსაუბრობთ, უნდა შევხედოთ რასთან ხდება შედარება. 2022 წელი იყო საკმაოდ გაზრდილი, რომელიც მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არაბუნებრივად გაიზარდა და გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა და თუ ჩვენ შევხედავთ 2019 წელს, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე სტაბილური პერიოდი იყო, მასთან შედარებით სექტორში ვითარება ნორმალურია.
2024 წელი იქნება საკმაოდ სტაბილური ბოლო ოთხი წლის მანძილზე. სწორედ ახლა იწყება დასტაბილურების პერიოდი და ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნის ნაწილი, რომელიც საკმაოდ მყარია, შენარჩუნდება და ფასებიც დასტაბილურდება. იქნება ზრდა 5%-7%-ის ფარგლებში და არა უფრო მეტი. იმედია, გარე ფაქტორები სხვა უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს", - აღნიშნა ბესიკ ორთოიძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5 დარგში ვარდნა დაფიქსირდა - მათ შორისაა უძრავი ქონების სექტორიც. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, თუმცა 5 სექტორში, მათ შორის უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ზრდის ნაცვლად კლება იყო. უძრავი ქონების მიმართულებით არსებული კლება სავარაუდოდ, 2022 წლის პიკურ გაყიდვებთან შედარებით ბაზრის შემცირებით არის განპირობებული. ამ სექტორში კლებამ 2.5% შეადგინა.