მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უფასო სასკოლო კვებაზე პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შედის|რას მოიცავს?

კვება

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა, რომელიც სასკოლო კვების საკითხებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობამ უფასო სასკოლო კვების საპილოტე პროგრამა მისსავე შერჩეულ სკოლებში 2026 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, განაცხადის განხილვის შემდეგ დაარეგისტრირა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილს, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილის, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია და მათ მიერ წარდგენილი მასალები პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

პროექტის მიხედვით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც სახელმწიფოს საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფას და დაფინანსებას ავალდებულებს.

მე-7¹ მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7². უფასო სასკოლო კვება

  1. ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების, მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სასკოლო კვებას საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის. სასკოლო კვება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით.
  2. სასკოლო კვების პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო დაბალანსებულ და ჯანსაღ საკვებს.
  3. სასკოლო კვების პროგრამის დიზაინი, კვების მოდელი, საკვების რაციონი, პროგრამის მართვისა და საკვების ხარისხის კონტროლის საკითხები, ბიუჯეტი და პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საჯარო სკოლების გეოგრაფიული მდებარეობისა და ინფრასტრუქტურული მზაობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა საჯარო სკოლაში აამოქმედოს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი. სასკოლო კვების ნებისმიერი მოდელი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
  4. სახელმწიფო უფლებამოსილია, სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში გამოიყენოს მხოლოდ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ან პროგრამის ფარგლებში დააწესოს კვოტა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის.
  5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უფასო _ სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას მიაწოდოს წინადადებები და შენიშვნები უფასო სასკოლო კვების პროგრამის შესახებ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კვების პროგრამის დიზაინი, მოდელი, რაციონი, მართვის და ხარისხის კონტროლი, ბიუჯეტი და პროგრამის შეფასება-მონიტორინგის წესები დადგენილებით 2027 წლის იანვრამდე უნდა განსაზღვროს.

2026 წლის 15 სექტემბრამდე კი შეარჩიოს სკოლები, სადაც ამ თარიღიდან უფასო სასკოლო კვების საპილოტე პროექტებს დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე ხელისუფლება 6 წელია მუშაობს. ჯერ კიდევ 2021 წელს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სადილის პროგრამაზე მმართველი პარტია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამავეს ადასტურებდა განათლების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც. სკოლებში უფასო კვების დანერგვის დაპირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ გააჟღერა განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც, მათ შორის 2023 წლის ბოლოსაც. 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქცენტი შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობაზე გაამახვილა, სკოლებში უფასო კვების დანერგვის სამოქმედო გეგმა კი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ამასთან, გასული წლის თებერვალში, საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, მაშინ როგორც საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობაში პირადად იქნებოდა ჩართული.

საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე თითქმის 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2025 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა დამოკიდებული და უფასო კვების კომპონენტზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები