პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თენგიზ მამულიას განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უკანონო სარეკლამო sms-ების გაგზავნაზე მოქალაქეთა 300-მდე საჩივარი შევიდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში განაცხადა.
როგორც ცნობილია, 1-ელი მარტიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1-ელი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუმცა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, ზოგიერთი კომპანია უნებართვო სარეკლამო შეტყობინებებს კვლავ აგზავნის.
“ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა, ძირითადად, სარეკლამო sms შეტყობინების გამოგზავნის მიზეზით. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს ხდება ახალი კანონის დარღვევით. მოქალაქეთა მომართვიანობა მზარდია - მოგვმართავენ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით - როგორც Facebook–ით, სატელეფონო გზითაც გვიკავშირდებიან, განცხადებებსაც წერენ და ა.შ. უკვე 300-მდე საჩივარია შემოსული”, - აღნიშნა თენგიზ მამულიამ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციითვე, სარეკლამო sms შეტყობინების უკანონოდ გაგზავნაზე მოქალაქეთა საჩივრები, ძირითადად, შემოსულია საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროებიდან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საჩივრების განსახილველად 2-თვიანი ვადა აქვს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან შესაბამისი კომპანიის ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია ფიზიკური პირის, არაკომერციული იურიდიული პირის თუ კომპანიის ბრუნვაზე. კერძოდ: 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე ჯარიმა 2 000 ლარია, უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი, ხოლო დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება და შესაბამისად, 4000 და 6000 ლარი ხდება.