მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ევროპის ენერგოსისტემას მიუერთდა - „ლისაბონიდან მარიუპოლამდე ერთიანი ენერგოსისტემა გვაქვს“

623200c9e0640
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.22 19:26
1003
უკრაინის ელექტროქსელის სისტემურმა ოპერატორმა „უკრენერგომ“ ევროპულ კოლეგებთან ერთად უკრაინის სახელმწიფოს და ევროპული ენერგოსისტემების გაერთიანება დაასრულა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„უკრაინული და ევროპული ენერგოსისტემები ახლა უკვე სინქრონულად მუშაობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენი სახელმწიფო რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემიდან გაეთიშა და მას აღარასდროს შეუერთდება.

„მტერი ელოდა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჩამოიქცეოდა, რომ ვერ გავუმკლავდებოდით, ამიტომაც დაიპყრო ზაპოროჟიეს ატომური სადგური, გამიზნულად ბომბავდა და ბომბავს უკრაინის ქალაქების თბოელექტროსადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, მაგრამ უკრაინის ენერგოსისტემა 21 დღეა სტაბილურად, ბალანსირებულად და მდგრადად მუშაობს, რაც ევროპელებმა აღიარეს. დღეიდან ჩვენ არ ვართ მარტო. დღეიდან უკრაინის ელექტროსისტემა ევროპასთან სინქრონიზებულია და ევროპული უკრაინაში შემოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეიდან უკრაინის ენერგოსისტემას სანდო ენერგორეზერვები აქვს, რომელიც დასავლეთ საზღვართან არის განთავსებული და ამიტომ ოკუპანტის თავდასხმისგან დაცულია.

„ყველას მადლიერი ვარ - ევროკავშირის ქვეყნების, პირადად ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დენ ლაიენის, ენერგეტიკის დარგში ევროკომისარ კადრი სიმსონის და იმ ათეული ადამიანის, რომლებიც ომის დღეებში დღე და ღამე მუშაობდნენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვეთქვა: უკრაინა ევროკავშირის ენერგოსისტემაშია. ახლა ლისაბონიდან მარიუპოლამდე ერთიანი ენერგოსისტემა გვაქვს. უკრაინა „ენერგეტიკულ ევროზონაშია“. ჩვენ ვერ გვაჯობებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შუა ღამეს უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გაითიშა. ამ ქვეყნებთან ერთად საერთო ენერგოსისტემაში უკრაინა საბჭოთა კავშირის დროიდან იყო. 24 თებერვლის დილის საათებში კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო. 24-26 თებერვალს უკრაინის ენერგოსისტემის გეგმიურმა საცდელმა გათიშვის შედეგად, მისი ავტომატური მუშაობა წარმატებით განხორციელდა, რამაც ენერგოსისტემის დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა დაამტკიცა. შედეგად უკრაინამ რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემასთან ხელახალ მიერთებაზე უარი განაცხადა. უკრაინის ენერგოსისტემის საცდელი გათიშვა რუსეთ-ბელარუსის ენერგოქსელიდან უკრაინის ენერგოსისტემის დამოუკიდებელი და ასევე მოლდოვასთან საერთო ბლოკის მუშაობის გამოსაცდელად მოხდა, რათა საბოლოოდ, უკრაინა ევროპული სისტემის ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორების ENTSO-E-ს შეერთებოდა. მასში 35 ქვეყნიდან 42 ოპერატორი შედის.