ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და ევროკავშირმა მათ მტკიცე ერთგულება უნდა აჩვენოს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს, მის მეორე ვადით არჩევას უნდა უყარონ კენჭი.
"მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანისთვის ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება. მათი მომავალი თავისუფალი და წარმატებული იქნება, ჩვენს კავშირში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას, რომლის ფარგლებშიც მან 5-წლიანი გეგმა წარადგინა.
ლაიენი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული ევროკომისიის მე-13 პრეზიდენტია. ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის ევროკომისიას 2024-2029 წლებში უხელმძღვანელებს.