უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს საკვანძო გაზსადენის, Nord Stream 2-ის გახსნის შეჩერებით აფრთხილებს. უკვე დასრულებული გაზსადენი, რომელმაც ევროპას რუსეთში მოპოვებული გაზი უნდა მიაწოდოს, ჯერ არ ამუშავებულა. რამდენიმე დღის წინ ბერლინშიც გაკეთდა განცხადებები, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, Nord Stream 2 შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდეს.
ამ პროექტის გარდა, დასავლეთის მოკავშირეები, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას სანქციებით ემუქრებიან. თავის მხრივ, კრემლი თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა უკრაინის საზღვართან ათასობით სამხედრო დაძაბულობას ქმნის.
“მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება Nord Stream 2-ის პროექტი წინ ვერ წავა”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამასთან, ამატებს, რომ ვერ დააკონკრეტებს როგორ გაჩერდება პროექტი.
"ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის წინ ვერ წავა", - აცხადებს პრესსპიკერი.
Nord Stream 2 1 225 კმ-ის გაზსადენია, რომელიც რუსეთის დასავლეთ ნაწილს გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთთან აკავშირებს. გაზსადენი ბალტიის ზღვაში გადის, 11-მილიარდ ევროიანი პროექტის მიზანია, გააორმაგოს რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდება გერმანიაში. აშშ პროექტს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ზრდის.