მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ბრალდებები ოფიციალურად წარუდგინეს

იგორ კოლომოისკი

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ოფიციალურად წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რაც მის ნავთობკომპანიების ფინანსურ მანიპულაციებს ეხება. მას ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედება. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, კოლომოისკი 2019-2020 წლებში დაახლოებით 13.5 მლნ დოლარის ოდენობის ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული.

საქმე ეხება ნავთობპროდუქტების არამიზნობრივ განკარგვას და საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდებას კომპანიებში «Укртатнафта» და «Укрнафта».

2022 წლის ოქტომბერში კოლომოისკი უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაკითხა, ხოლო სექტემბერში მისი სახლის ჩხრეკა განხორციელდა. ამავე საქმესთან დაკავშირებით, გასული წლის სექტემბერში უკრაინის პროკურატურამ კომპანიების 6 ყოფილ თანამდებობის პირს ბრალი წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ კოლომოისკი აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მისი სანქცირება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

კოლომოისკი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ბიზნესმენმა საკუთარი ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა. 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების მრავალწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და მისი ნაციონალიზაცია მოახდინა.

2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის გენადი ბოგოლიუბოვის საკუთრებაში არსებული $2.5 მილიარდის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება გამოსცა. ამ პროცესების პარალელურად, მილიარდერმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.

იგორ კოლომოისკის ქონების ნაწილი საქართველოშია. მათ შორის ყველაზე მსხვილი აქტივებია "ჯორჯიან მანგანეზი", "ვარციხეჰესი". წარსულში ბიზნესმენი ასევე კომერციულ ბანკ "ტაოპრივატბანკსაც" ფლობდა, რომელიც 2014 წელს 92 მილიონ ლარად "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები