უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გაჩნდა პეტიცია, რომელიც იმ კომპანიების პროდუქციის მარკირების შემოღებას მოითხოვს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობენ.
პეტიცია 29 დეკემბერს გასაჯაროვდა და ამ დროისთვის მან აუცილებელი 25 000-დამ 6 500-მდე ხმა დააგროვა. პეტიციის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა უცხოური კომპანია, რომელსაც წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე აქვს, ხელი უნდა შეუწყოს რუსების მობილიზაციას, რომლებსაც შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აგზავნიან. ამასთან ეს კომპანიები გადასახადებს იხდიან რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტში, საიდანაც ომი ფინანსდება.
„ამგვარად, უცხოური კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ შეწყვიტონ რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირება, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის უშუალო მონაწილეები არიან“, - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის მოვლენების შემდეგ უცხოური კომპანიების უმრავლესობამ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები დააიგნორეს და რუსეთში ოპერირება გააგრძელეს. 2022 წლის თებერვალიდან კი უცხოური კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი ბაზარი დატოვეს, გაიზარდა. შედეგად იელის უნივერსიტეტის და კიევის ეკონომიკის სკოლის ინფორმაციით, საერთაშორისო ბიზნესის 1000-მდე წარმომადგენლობა რუსეთში ბიზნესის წარმოებას აგრძელებს. „ასეთ კომპანიებს მიეკუთვნებიან საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები: Alfred Ritter; Avon Products; Barilla Holding; Bonduelle Group; Colgate-Palmolive Company; HiPP; Company Vertrieb; Hochland; Johnson&Johnson; Lactalis; Mondelez International; Nestlé; Perfetti Van Melle; Procter&Gamble Company; Red Bull; Société Bic S.A.; Unilever; Yves Rocher და სხვა“, - აღნიშნულია პეტიციაში.
აქედან გამომდინარე პეტიცია ასეთი ბრენდების მარკირების ვალდებულობას მოითხოვს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ მწარმოებელი კომპანია რუსეთში მუშაობას აგრძელებს. ასეთი ნიშანი დატანილი უნდა იყოს პროდუქციის წინა მხარეს მსხვილი წითელი ფერის ასოებით. ასევე პეტიცია აღნიშნულია, რომ ასეთი პროდუქციისთვის განსაზღვრული უნდა იყოს ცალკეული ადგილები სადაც მითითებული იქნება, რომ ამ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ.