რუსეთს შესაძლოა უკრაინისთვის €37-მილიარდიანი რეპარაციის გადახდა დაეკისროს, რაც, ომის გამო დაზიანებული კლიმატის აღდგენისთვის კომპენსაციის დაწესების, მსოფლიოში პირველი შემთხვევა იქნება.
Euronews-ის ცნობით, “უკრაინის ზარალის რეესტრი” კლიმატთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას უახლოეს თვეებში დაიწყებს, რის შემდეგაც, 2026 წლის დასაწყისისთვის, ქვეყანა საკომპენსაციო მოთხოვნას ევროპის საბჭოს წარუდგენს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს „უპრეცედენტო“ ნაბიჯი ხელს შეუწყობს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, უკრაინაში შეჭრით გლობალურ ატმოსფეროზე ზემოქმედებისთვის, და ომის შედეგად კლიმატის ცვლილებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისგების პრეცედენტს შექმნის.
“ომის ემისიათა აღრიცხვის ინიციატივის” (IGGAW) გამოთვლებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ 236.8 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი ემისიები გამოიწვია. ამასთან, ომის გამო დაიწვა უკრაინული ტყის დაახლოებით 3 მილიონი ჰექტარი, რითაც ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი წელიწადში 1.7 მილიონი ტონით შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ევროპის კონტინენტის ხმელეთის 6%-ზე ნაკლებს მოიცავს, აქ თავს ევროპული ბიომრავალფეროვნების ერთი მესამედი იყრის. ომის გამო კი მზარდი რისკის ქვეშ ათასობით ცხოველი თუ მცენარე ხვდება.
მთავრობის მიერ დაფინანსებული IGGAW-ის ანგარიშის თანახმად, ყველა ამ ფაქტორის შეჯამება ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიით გამოწვეული ზარალი 37 მილიონ ევროს აღემატება.




























