მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინულმა ძალებმა რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, 10 ტანკერი და 4 ბორანი დააზიანეს

ნავთობგადამმუშავებელი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 ივლისს და 12 ივლისის ღამეს რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებში რამდენიმე სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინულმა მხარემ დაარტყა რუსეთის სამარას ოლქში მდებარე „სიზრანის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას. გენშტაბის ცნობით, ობიექტზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო დარტყმის სრული შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება. აღნიშნული ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს და ის აწარმოებს ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს, მათ შორის, რუსეთის არმიის მომარაგებისთვის.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და 4 ბორანზე მიიტანეს იერიში. როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, ეს ტანკერები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ბორნები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას უჭერდა მხარს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშები განხორციელდა სხვა მიმართულებებითაც:

უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსულ მატარებელს, რომელსაც საწვავ-საპოხი მასალები გადაჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკთან ახლოს.

უკრაინამ დაადასტურა ლენინგრადის ოლქში მდებარე კომპლექსის, „ნოვატეკ-უსტ-ლუგას“ ნავთობგადამმუშავებელი ბლოკის დაზიანება.

OSINT-ის შეფასებით, ბოლო დღეებში უკრაინამ მიზანმიმართულად გაახშირა დარტყმები რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე, პორტებსა და ნავთობინფრასტრუქტურაზე. Reuters-ის ინფორმაციით, აზოვის ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა დონ-აზოვის არხზე ნავიგაცია დროებით შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები