წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.
"საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოწვევა იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო",- წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ცალკეული შემთხვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ამას გარდა, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც წლებია, საუბრობს.
„მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება“,- წერია ანგარიშში.



























