ლაოსის Joint Development Bank-მა რუსეთის ფედერაციასთან ფინანსური თანამშრომლობა სრულად შეაჩერა. როგორც ირკვევა, საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, ბანკმა რუსული საგადახდო ბარათების მომსახურება ოფიციალურად შეწყვიტა.
ამასთან, საფინანსო ინსტიტუტმა რუსულ რუბლში ტრანზაქციების განხორციელება აკრძალა, რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემა SPFS დატოვა და მეორეული სანქციების თავიდან არიდების მიზნით, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაც შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით, ბანკის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ იმ შეზღუდვებს უკავშირდება, რომლებიც რუსული ფინანსური ქსელის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილ მესამე ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს შეეხო.
პარალელურად, ლაოსის ცენტრალური ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ციფრული აქტივების გადამუშავებისა და შუამავლობის პროცესიც შეჩერდა.
ცნობისთვის, Joint Development Bank-ი ლაოსის წამყვანი კომერციული ბანკია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.




























