ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - ეს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ 13.9% შეადგინა. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს - მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26.7%- ანუ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა კობახიძემ.
საქსტატის მონაცემებით, შარშან უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში ბოლო წლებში იკლებდა და გამონაკლისი მხოლოდ პანდემიური 2021 წელი იყო, როცა უმუშევრობის დონემ 20%-ს გადააჭარბა.
უმუშევრობის დონე ბოლო ხუთ წელში:
- 2019 წელი - 17.6%
- 2020 წელი - 18.5%
- 2021 წელი - 20.6%
- 2022 წელი - 17.3%
- 2023 წელი - 16.4%
- 2024 წელი - 13.9%




























