მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა მინიმუმ გაორმაგებულია - გიორგი ხიშტოვანი

5ef6f26f4377c
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 15:40
1817
უმუშევრობა მინიმუმ გაორმაგებულია, რაც საგანგაშო მდგომაროებაა, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისის პერიოდში სამუშაო ადგილი 220 ათასმა ადამიანმა დაკარგა, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„აუცილებელია რეალურ ეკონომიკურ პროცესებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ საით შეიძლება წავიდეს ჩვენი ეკონომიკა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი აქ არის დასაქმების მაჩვენებელი, თუ რა ხდება სამუშაო ბაზარზე. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ 2019 წლის მაისში დაქირავებით დასაქმებული, რომელიც იღებდა ხელფასს და იხდიდა გადასახადებს იყო დაახლოებით 825 000 ადამიანი, ასევე ვიცით, რომ 2020 წელს მაისის თვის შედეგებით ასეთ ადამიანების რაოდენობა შემცირდა და გახდა 750 000. შესაბამისად რეალურ სექტორში, რაც როგორც წესი არის ბიზნეს სექტორი, 75 000 ადგილი მაისის მდგომარეობით დაიკარგა. ამ შემთხვევაში თუ 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, მაისის თვეში ეკონომიკაში 100 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. მხოლოდ ამას თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით უმუშევრობის მაჩვენებელი 11.6%-დან გაიზარდა მინიმუმ 18-19%-მდე, რადგანაც ოფიციალურად ჩვენ გვყვავდა 220 000 ადამიანი და დავუშვათ, რომ 100 000 ადამიანი დაემატა.

მეორე საკითხი ეხება თვითდასაქმებულებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია აქ რაიმე სახის ანალიზის და დასკვნების გამოტანა, ვიცით, რომ დაახლოებით 130 000 ადამიანმა შეიტანა განაცხადი, სახელმწიფოსგან 300 ლარიან დახმარების მიღებაზე. თუ კიდევ ამ 130 000 ადამიანს დავამატებთ იმ 100 000 ადამიანს, რომლითაც შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, გამოდის, რომ კრიზისულ მდგომარეობაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 230 000 ადამიანით, რაც ნიშნავს იმას რომ უმუშევრობა საქართველოში ამ კრიზისულ პერიოდში გაიზარდა მინიმუმ 2-ჯერ და დაახლოებით 24-25%-ს მიაღწია, რაც უკვე წარმოდგენას გვიქმნის რამდენად დაარტყა საქართველოს ეკონომიკას ამ კრიზისმა“, - განმარტა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე თქმით, ეს სურათი საეჭვოა და შედეგები შეიძლება უფრო სავალალო იყოს, რადგან თვითდასაქმებულთა რაოდენობა ზუსტად არავინ იცის.

„ჩვენ ყველანი - საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ანალიტიკური ორგანიზაციებიც ვთანხმდებით იმაზე, რომ თვითდასაქმებულების ნაწილში დიდი ნაწილი არის რეალურად უმუშევარი, უბრალოდ ფორმალურად არის მიკუთვნებული თვითდასაქმებულებს. შესაბამისად, ის, რომ საქართველოში იყო 11.4%-ია უმუშევრობა - უკვე ეს არის საეჭვო, მაგრამ ამ ყველაფრის მოცემულობად მიღების შემთხვევაშიც კი მარტი-აპრილი-მაისში უმუშევრობა მინიმუმ გამორმაგებულია, რაც საგანგაშო მდგომაროებაა და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის პროგნოზები, რომელიც ეკონომიკის კლებასთან დაკავშირებით კეთდება, ძალიან მძიმე სურათს ხატავს“, - აღნიშნა PMC კვლევით ცენტრის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები