სხვადასხვა ღონისძიებებით მცდელობა ხდება, რომ ლარის მიმართ ძალით ნდობა გაიზარდოს,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის შემდეგ, ეროვნულ ბანკს, კურსის შესანარჩუნებლად 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია. თუმცა, სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა.
„ჩემი ვარაუდით სცენარები მუშავდება, როგორ შეიძლება რომ შევინარჩუნოთ ზოგადად ეკონომიკური სტაბილურობა, თუ ეს პროცესები გაგრძელდა. მაგალითად, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ზედა ზღვარი რომ 25%-მდე გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ ილუზია შევქმნათ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მეტი რეზერვები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაძვირებთ რესურსს დოლარში, ანუ ვახალისებთ დაკრედიტებას ლარში. ანაბრების განთავსების შემთხვევაში, დოლარში განთავსება მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ანუ სხვადასხვა ღონისძიებებით მცდელობა ხდება, ლარის მიმართ ძალით ნდობა გაიზარდოს“, - ამბობს ხიშტოვანი.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი პარლამენტის თანამშრომელ გიორგი ესაკიას განცხადებასაც ეხმაურება რიგი შეზღუდვებს დაწესებს შესახებ. ხიშტოვანის თქმით, ქვეყანას პოლიტიკური პრობლემა აქვს, რომლის ეკონომიკური პრობლემით გადაფარვაც ხდება.
„ესაკია გვთავაზობს, შევზღუდოთ გადახურდავება, შევზღუდოთ ქვეყნიდან გატანა, შევზღუდოთ გადარიცხვები, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ასეთ ზომებს იღებ, ქვეყნის რეპუტაცია ნადგურდება.
მე მგონია, რომ უნდა ვისაუბროთ არა იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ასეთ პირობებში პრობლემა ეკონომიკურად და რა შეიძლება გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, არამედ როგორ მოვაგვაროთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ყველაფრის საფუძველია“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკა თავისი ღიაობით, კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონში სულდგმულობს და არის ოაზისი, სადაც ერთი მხრივ, ინვესტიციის განხორციელებაა შესაძლებელი და მეორე მხრივ, საინტერესოა საცხოვრებელი დანიშნულებითაც. თუმცა, თუ ქვეყანა ამ სტაბილურობას დაკარგავს, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების დასასრული.