კომპანია „იაგოს ღვინის" დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილი ფიქრობს, რომ ყურძნის სუბსიდირების არსებული პრაქტიკა ნედლეულის ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად, ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას აფერხებს. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ პროგრამიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა შეიმუშაოს, თანხის ნაწილი კი მარკეტინგში დახარჯოს.
საქმე ის არის, რომ ყურძნის სუბსიდირებისთვის წელს 85 მლნ ლარი დაიხარჯება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
„შარშანდელისგან განსხვავებით წელს საკმაოდ კარგი წელია როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. რთველი უკვე დაწყებულია, ბოლო წლებში მივეჩვიეთ, რომ პროცესი შედარებით ადრე იწყება. რაც შეეხება სუბსიდირებას, საბოლოო ჯამში უნდა გადავწყვიტოთ, რა შედეგის მიღება გვინდა და რას გვაძლევს ეს სუბსიდირება. თუ გვინდა, რომ მაღალხარისხიანი ღვინო გვქონდეს, რომელიც გავა ექსპორტზე, რაც დამატებით შექმნის ყურძენზე მოთხოვნას, მაშინ არ მგონია სუბსიდირება შედეგს იძლეოდეს. ეს ხარისხობრივ გაუმჯობესებას არ გვაძლევს, პირიქით, დაზიანებულის სუბსიდირება ხდება, საიდანაც კარგი ღვინის დაყენება გამორიცხულია. თუ ღვინო კარგი არ იქნება, გაყიდვები ჭირს. თუ გაჭირდა გაყიდვა, მოთხოვნა ყურძენზე ისევ დაბალი იქნება. გადაბმული ჯაჭვია.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ შეიძლება მტკივნეული იყოს აქედან გამოსვლა, მაგრამ გეგმა უნდა არსებობდეს, თუ რამდენ ხანში გამოვალთ სუბსიდირების პროგრამიდან, ან რა შეიცვლება. თვითონ მევენახეებიც უკმაყოფილოები არიან, ხედავთ გამოსვლებს და გზების გადაკეტვებს, ამიტომ არ ვიცი, ვინ არის კმაყოფილი ამ სუბსიდირებით, რომელიც ბიუჯეტით ფინანსდება", - განაცხადა ბიტარიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხა შესაძლოა, მიმართული იყოს მარკეტინგის მიმართულებით, რითაც ქვეყანა გაცილებით მეტს მიიღებს.
"სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა მცირე არ არის. პოტენციურ ქვეყნებში მარკეტინგის დაფინანსება კარგი შედეგის მომტანი იქნება“, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა და სუბსიდირების შედეგად, 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და ერთი კილოგრამის სანაცვლოდ ჩამბარებელს მინიმუმ ერთ ლარს გადაუხდის.