"უნდა მომხდარიყო თუ არა <covid-წესების დარღვევისთვის გამოწერილი> ჯარიმების ჩამოწერა, აქედან დასკვნების გამოტანა საკმაოდ რთულია", - ასე უპასუხა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიის მართვის თანმიმდევრულობას და ამ ჭრილში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, მათ შორის ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამნისტიას.
„სტატისტიკურის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რაც 2 წლის განმავლობაში მაქვს, არის ის, რომ საქართველოში იმ მაჩვენებლებით, რა მაჩვენებლებითაც იყო სიკვდილიანობა და ჰოზპიტალიზაცია დაფიქსირებული, არ ჩამოვუვარდებით სხვა წამყვან ქვეყნებს. მაგალითად, გერმანიაში თუ სიკვდილიანობა იყო 1.6%, ჩვენს შემთხვევაში არის 1.4%-ზე ცოტა მეტი ანუ ცალსახად საუბარი იმაზე, როდის უნდა ყოფილიყო პირბადის ტარება სავალდებულო და უნდა მომხდარიყო თუ არა ჯარიმების ჩამოწერა, აქედან დასკვნების გამოტანა საკმაოდ რთულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, პანდემიის მართვის პროცესში შეცდომებია დაშვებული და სიტუაციის მართვა ხელიდან არის გაშვებული, მინისტრი ამბობს, რომ არ იცის, ზუსტად რას გულისხმობდა თენგიზ ცერცვაძე, თუმცა დაუკავშირდება მას და აუცილებლად დააზუსტებს.
„2-წლიანი პროცესია და არ ვიცი, რას გულისხმობს. შეიძლება კონტექსტიდან იყოს ამოგლეჯილი, ამიტომ დავინტერესდები რა იგულისხმა“, - უთხრა ჟურნალისტებს აზარაშვილმა.




























