მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გამოიყენოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება? – ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში – პოლიტიკოსების ხმა

მაუწყებელი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. შესაძლებელი გახდება უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კომისიაში.

კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში,მოახდინოს რეაგირება და დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილება საბოლოოდ სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც იძლევა.

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა. უმრავლესობა ამბობს, რომ კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი.

მართალია პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უკვე ამოქმედდება. კანონი საბოლოოდ დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. პრეზიდენტს კი შეუძლია კანონს ვეტო დაადოს. ბოლოს ვეტოს უფლება სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაჩქარებული ფორმით განხილულ კიდევ ერთ სადაო კანონპროექტს დაადო საპროტესტო აქციებზე კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების შეზღუდვის შესახებ.„ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსებმა შეაფასეს, რამდენად იმსახურებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ვეტოს.

იაგო ხვიჩია, „გირჩი“: „მე ვერასდროს გამოვიცანი, რა ლოგიკით ადებს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს კანონებს, ამიტომ მარჩიელობას არ ვაპირებ. ვეტო რომ დასადებია თავისთავად ცხადია. მინიმუმ იმიტომაა დასადები, რომ ერთ დღეში მიიღეს ეს კანონი და საზოგადოებას მის ძალაში შესვლამდე, დისკუსიების დრო ჰქონდეს და მათ შორის, მედია ჰქონდეს დრო, რომ რაღაცნაირად ის უყურადღებობა, რომელიც გამოავლინა, გამოასწოროს და საზოგადოებას დახმარება სთხოვოს მინიმუმ მაშინ, როდესაც ობიექტურად და თვალნათლად ცხადია, რომ ხელისუფლება მას ებრძვის ასეთი ტიპის შეზღუდვებით. პატარა და ახალი ტელევიზიების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად გამოიყენებენ ამ ყველაფერს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ტელევიზიისთვის ეს არის საფრთხე“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“: „დღეს არსებული მდგომარეობით, ვიცით, რომ ვეტო დაძლევადია. აქვს ქართულ ოცნებას ისეთი მორჩილი უმრავლესობა, საიდანაც რუსული კანონის წინააღმდეგობა გაბედა ხუთმა ადამიანმა და ლამის, ყველამ დატოვა პარლამენტი. მით უმეტეს, ვიცით, რომ ვეტოს დაძლევენ. თუმცა, ზოგადად ვეტოსთან დაკავშირებით, ეს არის პრეზიდენტის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი და მე მიმაჩნია, რომ როცა ფიქრობ, რომ კანონი არის ცუდი დემოკრატიისთვის, ვეტო უნდა გამოიყენო – მიუხედავად იმისა, დაძლევადია ის, თუ არა. მაგრამ ჩვენ თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაა პრობლემის ძირი და ასეთი ხელისუფლებაა, ერთპარტიული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ავტოკრატიული მადა და ყველა მისგან განსხვავებულის განადგურებას, გაჩუმებას, განდევნას, მარგინალიზაციას ცდილობს და ეს არის მისი რეცეპტი ხელისუფლებაში დარჩენისაც – ამას თუ არ ვაღიარებთ და ეს თუ არ იქნება მთავარი ამოცანა, რაზეც მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, მაშინ ერთ კანონს გავაჩერებთ, მეორე გამოჩნდება, მეორეს შევაჩერებთ, მესამე გამოჩნდება“

გიორგი შარაშიძე, „საქართველოსთვის“: „მე მინდა გაგახსენოთ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელი, როცა თითქმის იგივე მანკიერი პრაქტიკა ჰქონდა მას დანერგილი, როდესაც უტევდა მედიას და ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული არაერთი ქმედება გვინახავს და გვახსოვს, მაგრამ ამავე დროს გვახსოვს, როგორ დაამთავრა ნაციონალურმა მოძრაობამ და რამდენად იყო შესაძლებელი მისი ოპოზიციაში გადაყვანა. ზუსტად ასე იქნება შესაძლებელი ოცნების ოპოზიციაში გადაყვანა, დარწმუნებული ვარ – მიუხედავად იმისა, მიიღო ეს კანონი ოცნებამ, არ მიიღო, დაადებს ამ კანონს ვეტოს პრეზიდენტი, არ დაადებს, დაძლევს ამის შემდეგ ოცნება თუ არა. უმთავრესი აქ არის საზოგადოების ერთიანობა იმ დიდ მიზანთან დაკავშირებით, რომ ეს 20 წელი, როდესაც ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ – აი, ეს დავასრულოთ. ეს არის ახლა მთავარი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები