საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მმართველობის 12 წელი სათანადოდ ვერ გამოიყენა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც ტრადიციულად "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა ახსენა.
ჟურნალისტის რეპლიკას, - რასაც ისინი 9 წელი ანგრევდნენ, თქვენ 12 წელი გქონდათ გამოსასწორებლად, კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
"უნდა ვაღიაროთ რომ ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საბოლოოდ რაც თავის თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოირგეს, გარე დავალება იყო და ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა თქვა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემას შეგნებულად ანგრევდნენ.
"გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან - შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას. ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია - ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში.
რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი - მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები.ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას", - განაცხადა კობახიძემ.