მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა ველოდოთ თუ არა ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის სანქცირებას? - ელჩის პასუხი

გარეტ უორდი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ამბობს, რომ საქართველოში პროტესტის გამოხატვის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, სწორედ ამას ემსახურება ბრიტანეთის მხრიდან ქართველ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციები.

BMG-ის კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ამერიკის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბრიტანეთიც დასანქცირებს, ელჩი აცხადებს, რომ მომავალ სანქციებზე კომენტარს წინასწარ არ გააკეთებს.

"სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ. იცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციები, ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველ ოფიციალურ პირზე და მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ თავისუფალი პროტესტის უფლება, პროტესტის გამოხატვის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს საქართველოში, ეს არის ამ სანქციების მიზანი. მომავალ სანქციებზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ელჩმა, რომელიც შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.

რაც შეეხება BMG-ის კითხვას საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობასა და შემდგომ შესაძლო ზომებზე იმ ფონზე, რომ ბრიტანეთმა უკვე შეაჩერა გარკვეული პროგრამების დაფინანსება, დიპლომატი ამბობს რომ დეკემბერში გაცხადებული პოზიცია ძალაში რჩება.

"ჩვენი საგარეო საქმეთა მდივანი ძალიან მკაფიოდ იყო, მან თქვა, რომ შევწყვეტთ პროგრამების დაფინანსებას საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად და შევზღუდავთ ჩვენს თავდაცვით და პოლიტიკურ კონტაქტებს მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება. ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ დეკემბერში და რჩება ჩვენს პოზიციად",- თქვა გარეტ უორდმა და დასძინა, რომ მთავრობასთან პროგრამების შეჩერების პარალელურად, გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება.

შეგახსენებთ, 20 დეპუტატის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილია წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უკვე სანქცირებულია ხუთი პირი:

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  • ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
  • მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგის“ გაყინა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ზღუდავს, რაც ელჩ გარეტ უორდის განმარტებით, ნიშნავს, რომ აჩერებენ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ეხმარებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შეზღუდავენ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები