თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ მაღალმთიანი დასახლებების მქონე სოფლებში პროგრამებისა და პროექტების ორგანიზების მიზანი არა რეგიონების განვითარება, არამედ სოციალური ფონის ჩაცხრობაა. ამის შესახებ მელაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა.
აუდიტის სამსახურმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომელიც 2019-22 წლებს მოიცავს. აუდიტის მიზანი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიით“ განსაზღვრული წინაპირობების ეფექტიანობის შეფასება იყო.
როგორც ირაკლი მელაშვილი აცხადებს, აუდიტის ანგარიშიდან იკვეთება, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული, გაარკვიოს, რამდენად ეფექტურია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა.
"ყველაფერი ნათელია, როდესაც [ანგარიშში] ვკითხულობთ, რომ არ ხდება იმ ინდიკატორების ანალიზი, რომლითაც უნდა შემოწმდეს ნებისმიერი პროგრამის ეფექტურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული გაარკვიოს, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაღალმთიანი რეგიონების დახმარების პროგრამა მიმართულია, როგორც ჩანს, არა იმისკენ, რომ განვითარებას მივაღწიოთ, არამედ იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება დარიგდეს, რათა იქ ჩავაცხროთ სოციალური ფონი.
აუდიტის სამსახური სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც ევალება ამ ყველაფრის კონტროლი და მან ვერ მიიღო ვერც ერთი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროებოდა ეფექტიანობის შესამოწმებლად. მთავრობა ინდიკატორების ანალიზსს არ აწარმოებს, ის ინფორმაციაც კი არ აქვს, მაღალმთიან დასახლებებში რომელი საწარმოებიც შეიქმნა, რამდენი ბრუნვა აქვთ, როგორ გაიზარდა, შემცირდა, რა შედეგები გამოიღო საგადასახადო შეღავათებმა. კითხვა უნდა დავსვათ, რომ იმ სოფლებში, რომელბიც შედის მაღალმთიან რეგიონებში, მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, სახელმწიფო დახმარების მსურველთა რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა, ეს ხომ ერთ-ერთი კრიტერიუმია", - ამბობს ირაკლი მელაშვილი.
თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი "წერტილის" ეთერში თავად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეული დასახლების სტრატეგია ერთმანეთს ჰგავს, გაწერილი პროგრამები კი ყოველთვის ვერ პასუხობს ადგილობრივების რეალურ საჭიროებებს.
"რეალურად ვერ ვარკვევთ ამ პროგრამიდან, რამდენად განვითარდა რომელიმე მაღალმთიანი სოფელი, ან დასახლება, ან მთლიანად რეგიონი. ძალიან საინტერესოა, როდესაც რეგიონების განვითარების სტრატეგიაზეა საუბარი, დაიწერა, რომ ისინი ისეა შედგენილი, რომ თვითმმართველობები ჩართული არ არიან. ანუ თბილისში ზის ვიღაც ჩინოვნიკი, რომელმაც იცის 1800 სოფლის განვითარების გეგმები. როგორ დაწერს - ეს ხომ აბსოლუტური აბსურდია, მთელ მსოფლიოში ამას ადგილობრივი ხელისუფლებები აკეთებენ, იმიტომ რომ მათ იციან, რაში არის პრობლემა.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ ყველა სტრატეგიაში იქნება ჩაწერილი ტურიზმი, მნიშვნელობა არ აქვს მართლა არის თუ არა ამ სოფელში ტურიზმი, იქნება სოფლის მეურნეობა და ვიქნებით მუდმივად ასე, მაგრამ რეალობაში ეს პროგრამები იმ გასაჭირს, რაც იმ სოფელშია, შეიძლება შეესაბამებოდეს, შეიძლება - არა. ამის გაზომვის საშუალება არ გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, აუდიტის სამსახურსაც, როგორც ჩანს", - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ცნობისთვის: მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით საქართველოს 1802 დასახლების 257,412-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე ბიუჯეტიდან ₾750 მილიონია დახარჯული.