ჩინეთ - ევროპას შორის მოძრავი ტვირთის ნაწილის ჩვენ დერეფანში გადმოტანა დერეფნის მონაწილე ქვეყნებზე დადებითად აისახება - ამის შესახებ "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა.
ზვიად ჩხარტიშვილმა „საქმის კურსში“ „შუა დერეფნის“ მიმართ ჩინეთის გაზრდილ ინტერესზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არის პერსპექტივა ჩრდილოეთის დერეფნიდან „შუა დერეფანში“ კონტეინერების ნაწილის გადმოტანა მოხდეს და ამისთვის ყველა მხარის მუშაობაა საჭირო.
„დღესაც ვხედავთ, რომ ზრდაა ჩინეთიდან მომავალი და ჩინეთის მიმართულებით მოძრავი ტვირთები. ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ჩვენი დერეფანი ალტერნატიულ დერეფნად განიხილებოდა და დავინახეთ კიდეც რომ „შუა დერეფანი შესაძლოა იყოს კარგი ალტერნატივა, თუმცა ჩვენ უნდა გავხდეთ მუდმივად მზარდი დერეფანი. რაც შეეხება პერსპექტივას. ევროპა-ჩინეთს შორის წლიურად 1.3 მლნ TEU კონტეინერი მოძრაობს. დღეს საუბარია, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ დერეფანში 30 000 TEU კონტეინერის გატარებაზე ავალთ. რაოდენობით ჭრილში ეს შეიძლება საკმაოდ ცოტაა, თუმცა ზრდა მასშტაბურია და 3-ჯერ მეტია წინა მაჩვენებლებზე. გაისად კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ამ 1.3 მილიონი კონტეინერიდან რაც უფრო მეტს გადმოვიტანთ ჩვენს დერეფანში რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. ეს ჩვენთვის დამატებული ტვირთია. ტვირთი, რომელიც ჩინეთი-ევროპას შორის მოძრაობს და ახლა შეიძლება ჩვენი დერეფნის გავლით წავიდეს. როგორ შეიძლება ეს ფაქტი არ იყოს დადებითი. რაოდენობრივად ცოტაა მაგრამ პროცენტულად საკმაოდ დიდი ზრდაა... უნდა ვიაქტიუროთ, უნდა ვიმოქმედოთ აბსოლუტურად ყველამ. უნდა შევხედოთ რა პოტენციალი და რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს. შესაძლებლობები ზღვარზეა მისული, საჭიროებს ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დაჩქარებას, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ყველა პროექტს პატივს ვცემთ, მაგრამ არსებულ მარშრუტს თუ გადავხედავთ ფოთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი გამავალი რგოლი - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20 სექტემბერს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, 300 ბლოკ მატარებლის მომსახურება მოხდება, რაც 30 000 კონტეინერის გატარებას უდრის.