უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი გუშინ, 28 ოქტომბერს დაიწყო და დღეს 29 დასრულდება. ეს საქართველოში ორბანის მესამე ოფიციალური ვიზიტია. ბოლოს, უნგრეთის პრემიერი საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს სტუმრობდა.
მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა და ორბანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს: ეკონომიკის, ფინანსების, თავდაცვის, მართლმსაჯულების, კულტურისა და ინოვაციების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სფეროებში. ასევე, გასულ წელს ხელი მოეწერა “განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს”.
იქამდე კი, საქართველო ვიქტორ ორბანს 2012 წლის 27 სექტემბერს, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მასპინძლობდა. მაშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელმძღვანელმა იმჟამინდელ ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მეტიც, უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს 2012 წელს, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა და ქართველებს მოუწოდებდა - წარსულში არ დაბრუნებულიყვნენმ, დღეს კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის მიერ გამართულ ბრიფინგზე, უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა".
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორბანმა უკვე მოქმედ მმართველ პარტიას გამარჯვება მაშინ მიულოცა, როცა ცესკოს პირველადი შედეგებიც კი არ ჰქონდა გამოქვეყნებული.
საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობა არც ისე დიდ მასშტაბს მოიცავს. ინვესტიციები - უმნიშვნელოა, ვაჭრობა კი ძირითადად ცალმხრივი.
ვაჭრობა
საქართველოსა და უნგრეთს შორის 2024 წლის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.6%-ით მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან უნგრეთში წელს მხოლოდ 2.1 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა, ზრდა 99.7%-ია.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ტანსაცმლის მზა ნაწარმი - $749.1 ათასი;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - $436 ათასი;
- სატელეფონო აპარატები - $350.5 ათასი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $115.2 ათასი;~
- ელექტრომოწყობილობები შიგაწვის ძრავების ანთების ან გაშვებისათვის - $55.7 ათასი.
უნგრეთიდან საქართველოში წელს 61.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 15%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $36.9 მლნ;
- მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან - $2.5 მლნ;
- საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - $2.5 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $1.7 მლნ;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $1.1 მლნ.
FDI
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 23 აპრილს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საქართველომ უნგრეთთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
2023 წელს უნგრეთიდან 1.9 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა საქართველოში, რაც ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-ია. 2022 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 28%-ით შემცირდა. ბოლო ხუთ წელიწადში უნგრეთის წილი ინვესტიციებში 0.3%-0.1%-ს შორის იყო.
ენერგეტიკა
2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და უნგრეთი, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან თანამშრომლობენ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე - აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.
ეს საქართველოსა უნგრეთის ყველაზე მასშტაბური საერთო პროექტია.
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად-განხორციელებადია.
ტურიზმი
წელს 2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს უნგრეთის 5,688 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 7.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.
ტურისტულ კავშირებს შორის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს 27 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.