უნგრეთის კონკურენციის უწყებამ (GVH) უნგრეთში განთავსების და სასტუმროების ონლაინ დაჯავშნისა და სერვისების ბაზარზე დაჩქარებული სექტორული კვლევა დაიწყო, რათა სექტორში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს. უწყების გამოძიება დაადგენს, სხვა პირობებთან ერთად, Booking-ის კონტრაქტის პირობებისა და მათი შესრულების პრაქტიკამ რამდენად დააზიანა სექტორში კონკურენცია. ბაზრის კვლევა აჩვენებს, როგორია კონკურენციის პირობები საცხოვრებლის გაქირავების ონლაინ ბაზარზე და ბაზრის მოთამაშეების არასამართლიან ოპერირებასაც გამოავლენს - ამის შესახებ თავად კონკურენციის უწყება წერს.
GVH-ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, განთავსების სერვისის მქონე მრავალი უნგრული კომპანია ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის, Booking.com-ის განახლებული საკონტრაქტო პირობების გამო სერიოზულად დაზარალდნენ, რადგან მსგავსი პირობები სხვა პროვაიდერებზე არ ვრცელდება. არაკონკურენტულ გარემოს განსაკუთრებით Booking-ის გადახდის პოლიტიკა ქმნის, რის გამოც კონკურენციის უწყებაში ერთ თვეზე ნაკლებ დროში 28 საჩივარი შევიდა - რაც იმას ადასტურებს რომ სამართლიანი კონკურენცია უნგრეთში დარღვეულია. ეს განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე გამოიკვეთა, რა დროსაც საცხოვრებელი ადგილის გამქირავებელი მრავალი პლატფორმა დაზარალდა.
სამართლიანი კონკურენციის აღდგენას ხელი კოვიდპანდემიის დაწყებამაც შეუშალა და სექტორის დაჩქარებული მოკვლევა გადაავადა.
გამოძიების ფარგლებში კონკურენციის უწყება ბაზრის ანალიზს მოქმედი კომპანიების მიერ სავალდებულოდ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაიწყებს და კონკურენტული ბაზრის არევის მიზეზებს გამოავლენს, რათა პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი ნაბიჯები შეიმუშაონ. მას შემდეგ, რაც მონაცემთა ანალიზის პროცესი დასრულდება, GVH საჯარო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლის შესასრულებლადაც უწყებას 30 დღე აქვს.