მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნიათო, კორუმპირებული მთავრობის ქმედებების გამო, სამწუხაროდ, საქართველო ზარალდება" - ინტერვიუ

ეკატერინე ეგუტია

{აშშ-ის სავიზო სანქციებს} ძალიან ცუდი შედეგები ექნება საქართველოსთვის... ჩვენი უნიათო, კორუმპირებული მთავრობის ქმედებების გამო, სამწუხაროდ, მოქალაქეები და ქვეყანა ვზარალდებით“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა. იურისტმა ინტერვიუში, აშშ-ის სავიზო სანქციებთან დაკავშირებით, მოქალაქეების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსაც უპასუხა და ასევე, შეაფასა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები და გამოხმაურებები, რომელიც აშშ-ის მიერ 30-მდე მოქალაქის, მათ შორის დეპუტატების, ძალოვნების, მათი ოჯახის წევრების და კერძო პირების სანქცირებას მოჰყავს.

- აშშ-ის მიერ შარშან სანქცირებული საქართველოს ოთხი მოსამართლისგან განსხვავებით, რატომ არ ვიცით ვინაობა იმ 30-მდე მოქალაქის, ვინც ვერ იმოგზაურებს აშშ-ში?

- სავიზო სანქცია არის ერთ-ერთი იმ ხუთ სანქციას შორის, რომელსაც აშშ სხვა ქვეყნის ინდივიდებს ან იურიდიულ პირებს უწესებს. ზოგადად, სავიზო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს აშშ-ში შესვლის აკრძალვას, არაა საჯარო, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს, გამოაცხადოს იმ სანქცირებული პირების ვინაობა, რომლებიც მხილებულნი არიან კორუფციაში, კლეპტოკრტიასა და ადამიანების უფლებების დარღვევისთვის. ასე წერია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ კანონში. სწორედ ამიტომ იყო საჯარო ოთხი მოსამართლის სანქცირების შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება სავიზო შეზღუდვების დარჩენილ კატეგორიას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს - მაგალითად, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზეზი - როგორც წესი, მსგავსი მიზეზით სანქცირებულთა ვინაობა არ საჯაროვდება.

- ლოგიკა რა არის - უფრო მსუბუქ დარღვევად ითვლება, მაგალითად, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა?

- კანონში ასეთი რაღაც წერია - სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გაასაჯაროოს ისეთი სავიზო სანქციები, რომელიც შეეხოთ კლეპტოკრატიაში ჩართულ და ადამიანების უფლებების დამრღვევ პირებს. ზოგადად, სავიზო სანქცია კი არის პირის პერსონალური ინფორმაცია. ამდენად, ძალიან ნორმალური პრაქტიკაა, რომ არ ვიცით ვინაობა იმ 30-მდე სანქცირებული პირის და არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ თითქოს მხოლოდ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სია არ დაასახელეს...

- ვინ როდის იგებს არის თუ არა სანქცირებული? მაგალითად, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აქვს აშშ-ის ვიზა, მაგრამ გაუქმებაზე შეტყობინება არ მოსვლია. ასევე, პრემიერმა თქვა, რომ სავიზო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არცერთ დეპუტატს არ მისვლია...

- სამი გზა არსებობს: 1. ვისაც ვიზა არ აქვს, ის სანქცირების შესახებ მაშინ გაიგებს, როცა აშშ-ში მოგზაურობას დააპირებს და ვიზას არ მისცემენ. 2. ვისაც ვიზა აქვს, მათ შეიძლება მიიღონ შეტყობინება, რომ ვიზა გაუუქმდათ ან 3. როდესაც დააპირებენ აშშ-ში მოგზაურობას, შეიძლება, საზღვარზე დააკავონ. ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა სახელმწიფო მოხელეს საზღვრიდან აბრუნებენ, რაც რა თქმა უნდა, უფრო დამამცირებელი ჟესტია.

- რას ნიშნავს სანქციების პოლიტიკა და როდის იყენებს აშშ მას? „უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს“ - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში...

- კანონის მიღების გამო კი არ დაასანქცირეს, არამედ არადემოკრატიული ქმედებების გამო, რაც მიუღებელი აშშ-ისთვის... დიახ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსმენია არაპროფესიონალური კომენტარები, რომ თითქოს აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება და ა.შ. რა მტკიცებულებას ითხოვენ?! პირდაპირ წერია კანონში, რომ პრეზიდენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია დაასანქციროს ისეთი პირი, ვისზეც აქვს სარწმუნო და დამაჯერებელი ცნობები, რომ მან ჩაიდინა ესა თუ ის არაკანონიერი ქმედებები - კორუფციაშია მხილებული ან დემოკრატიას უთხრის ძირს და ა.შ. ეს არის პოლიტიკური პასუხი აშშ-ის მხრიდან, რომ ეს პირები მიუღებელ ქმედებებს ჩადიან. ამდენად, გაუგებარია რა მტკიცებულებებს თუ სასამართლო პროცესებს ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები...

- აშშ-ის მხრიდან სავიზო სანქციების დაწესება რა სიგნალია დემოკრატიული სამყაროსთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თუ პოტენციური ინვესტორებისთვის?

- სამწუხაროა, რომ საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომელიც აშშ-ს ჰყავს სანქცირებული - ბელარუსი, რუსეთი, ირანი, სირია... ფაქტი, რომ აშშ ასანქცირებს საქართველოს სახელმწიფო ლიდერებს - დეპუტატებს, ძალოვნებს და მოსამართლეებს, არის ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელი სიგნალი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, ინვესტორისთვის, ვინც პოლიტიკურ რისკებს წინასწარ აფასებს და უცებ ასეთი სიტუაცია იქმნება. ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგები ექნება ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ისევ ჩვენ - მოქალაქეები ვზარალდებით ჩვენი უნიათო, კორუმპირებული მთავრობის ქმედებების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები