მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[უნივერსიტეტების] რეორგანიზაციაზე ნებართვა საბჭოებმა უნდა გასცენ" - ილიაუნის რექტორი

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის განცხადებით, დაანონსებული უნივერსიტეტების რეფორმა უნდა შეჩერდეს, რადგან მისი განხორციელება არსებულ ფორმატში სერიოზულ რისკებსა და გაურკვევლობებს ქმნის.

საქმე ისაა, რომ დღეს გივი მიქანაძემ 'ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმება.

ნინო დობორჯგინიძემ ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიის საკითხზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც, მსგავსი რეორგანიზაცია ან უნივერსიტეტების გაერთიანება მმართველ ორგანოებთან აკადემიურ, წარმომადგენლობით და ფაკულტეტის საბჭოებთან შეთანხმების გარეშე არ ხდება.

"ნებისმიერ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, უნივერსიტეტის ნებისმიერი რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება და ინსტიტუციური ავტონომიის საკითხი, ყოველთვის მმართველ საბჭოებთან ერთად წყდება. ეს არის აკადემიური, წარმომადგენლობითი და ფაკულტეტის საბჭოები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი მათგანის შემთხვევაში ამაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა და მართალი გითხრათ, მეტი არც ჩვენ ვიცით.

მე ვერ გეტყვით, როგორ არის სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაში, მაგრამ ილიას უნივერსიტეტში ეს საკითხი ნამდვილად ჩვენი წესის მიხედვით რეგულირდება. ყველა უნივერსიტეტს აქვს, ასე ვთქვათ, ეს მუხლი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად მმართველმა საბჭოებმა უნდა გასცენ. აკადემიურმა, წარმომადგენლობითმა და ფაკულტეტის საბჭომ.

სწორედ ამიტომ იწვევს ეს პროცესი ძალიან დიდ გაუგებრობასა და ქაოსს, თუნდაც სტუდენტებში. როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები თავიდან იქნება გასავლელი? ის უნივერსიტეტი, რომელიც ხელახლა დაფუძნდება, ალბათ, ახალი უნივერსიტეტი იქნება, არა? როგორ მოხდება მისი ავტორიზაცია? ან იმ პროგრამების, მათ შორის საერთაშორისო პროგრამების ბედი როგორ გადაწყდება, რომლებიც, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა? სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით დიდი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ ბუნდოვანებას იწვევს. თუკი ყველაფერი ისევ უცვლელად რჩება, რა არის ამ გაერთიანების მიზანი?“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.

ცნობისთვის, დღეს, მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი ნინო დობორჯგინიძემ.

„როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ეს რეფორმა დაანონსდა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს ვხვდებით, არაერთი ფორმატი შეიქმნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების იდეით, ახლა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეკრიბა. ვიმსჯელეთ არაერთ საკითხზე, ამ რეფორმის უარყოფით შედეგებზე და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ის უნდა შეჩერდეს. წარმოუდგენელია მისი ასე განხორციელება. ეს არ არის კონკრეტულად ერთი სფეროს რეფორმა, ეს ქვეყნის მომავალია და ამ მომავალზე ყველას გვეკუთვნის ჩვენ-ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა დავიცვათ იგი", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები