საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამები სამწლიანი გახადონ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანება 29 თებერვალს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის 2019 წელს გამოცემულ ბრძანებაში ითვალისწინებს ცვლილებებს.
როგორც BM.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, ცვლილება ამ ბრძანებით მხოლოდ ბრძანებაში დასახელებულ კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამებს შეეხება.
სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილების შესახებ BMG თებერვლის დასაწყისში უმაღლესი სასწავლებლების რექტორებზე დაყრდნობით წერდა. უნივერსიტეტების ხელმძღვანელები მაშინ აცხადებდნენ, რომ საბაკალავრო პროგრამების ნაწილი 3-წლიანი გახდებოდა. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, 23 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო. იმ დროისთვის სამინისტროში თემის შესახებ დეტალურად არ საუბრობდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ "საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა".