მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უპასუხისმგებლო GWP-ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი - ვიქტორ წილოსანი

ვიქტორ წილოსანი

უპასუხისმგებლო GWP-ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი, - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

“ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power ის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.

ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“, - აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
დიღომში შექმნილ სატრანსპორტო დისკომფორტს facebook-ში არაერთი უკმაყოფილო მოქალაქე ეხმაურება. კომპანიამ უკმაყოფილებას სპეციალური განცხადებით უპასუხა, რომელშიც ამბობენ, რომ სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

"გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდგენითი სამუშაოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.

სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშაოების დრო გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები