ხელოვნური ინტელექტისა და უპილოტო ტექნოლოგიის განვითარების ფონზე, საზღვაოსნო ინდუსტრია მორიგი რევოლუციის წინაშეა. სამხედრო იარაღის მწარმოებელი კომპანიები ამჟამად აქტიურად მუშაობენ უპილოტო წყალქვეშა ნავების შექმნაზე.
ზოგადად, წყალქვეშა ნავი არსენალში ერთ-ერთ უმძლავრეს იარაღად ითვლება, რომელსაც იერიშის მიტანა მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში შეუძლია. წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას ეკიპაჟი წარმოადგენს, რომელსაც ჟანგბადი, საცხოვრებელი სივრცე და საჭმელ-სასმელი სჭირდება. თუკი ისეთი წყალქვეშა ნავის შექმნა იქნება შესაძლებელი, რომელიც უპილოტოდ შეძლებს ოპერირებას, მაშინ ეს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და თავად იარაღის ტაქტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ასეთ წყალქვეშა ნავს თვეების განმავლობაში არ მოუწევს ზედაპირზე ამოსვლა და ის ისეთ ცხელ წერტილებშიც გაბედავს შესვლას, სადაც მეზღვაურების სიცოცხლის გაწირვა არაგონივრული იქნებოდა.
სწორედ ასეთი სამხედრო დანიშნულების უპილოტო წყალქვეშა ნავის შექმნაზე ამჟამად ისეთი მსხვილი კომპანიები მუშაობენ, როგორიცაა: Lockheed Martin, General Dynamics, Northrop Grumman და Boeing.
რაც შეეხება სამოქალაქო-სამეცნიერო ინჟინერიას. ცხადია, ამ ტექნოლოგიას გამოყენება პრაქტიკული დანიშნულებითაც ექნება. კერძოდ, საზღვაო ექსპედიციების, ოკეანის სიღრმეებისა და ჯერაც მიუწვდომელი ადგილების შესწავლის მიზნით.
გარდა ამისა, ექსპერტები უპილოტო წყალქვეშა აპარატების პოტენციალს კომერციული მიზნითაც ხედავენ. კერძოდ, ოკეანის ფსკერზე არსებული რესურსების ათვისების, წყალქვეშა პროექტების განხორციელების და თევზჭერის მიმართულებით.