ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები განიხილებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც BM.GE-ს BAG-დან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიხეილ ხიდურელმა და ილია თამარაშვილმა წარადგინეს ის მნიშვნელოვანი პროექტები და მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ხელს უწყობს საწარმოებს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებაში და, შესაბამისად, ზრდის საინვესტიციო აქტივობის ინტერესს ისეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მაღალრისკიან ინვესტიციად განიხილებოდა.
შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ, რომელიც ძირითადად მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო როგორც გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას, ასევე ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებს, საკრედიტო-საგარანტიო სქემას, ტექნიკური დახმარების პროგრამებს, აგროდაზღვევასა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსებას. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საკრედიტო-საგარანტიო სქემების გაფართოება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება სოფლის მეურნეობის ისეთი სექტორების განსავითარებლად, სადაც, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციას უკავია ბაზრის მნიშვნელოვანი წილი.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტების შესახებ.
„წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც დღეს განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა ბიზნეს ოპერატორების მეტი აქტიურობისთვის აუცილებელია კონკრეტულ სექტორებში საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა. პრობლემა უკავშირდება არა მარტო ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომელთა ათვისებას შესაბამისი კომპეტენციის სამუშაო ძალა ესაჭიროება, არამედ ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, რაც აფერხებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას. შესაბამისად, სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა გადამწყვეტია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად“, - განაცხადეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.
NS