მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოძრაობა იწყება“ - ლავროვი აშშ-რუსეთის შეხვედრის შედეგებს აფასებს

ლავროვი

რუსეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები სრულად არასდროს დაემთხვევა, თუმცა დამთხვევის შემთხვევაში მხარეებმა სარგებელი უნდა მიიღონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუმაში მთავრობის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ეროვნული ინტერესები სრულად არასდროს დაემთხვევა, დიდწილად ისინი განსხვავებულია თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ იქ, სადაც ინტერესები ემთხვევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აქედან მაქსიმალური ურთიერთსარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის პოზიტიური ატმოსფეროა.

„ჩვენ ურთიერთობებში უფსკრულის პირიდან დაშორება დავიწყეთ, იქიდან სადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ შეგვიყვანა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია... ატმოსფერო პოზიტიურია, სწორი ზრახვებია, შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, რა გადაწყვეტილებები მიიღება“, - თქვა რუსეთის პირველმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა და ვაშინგტონმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა უნდა გაწმინდონ, რამეთუ ის ქვეყნებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას საფუძველს აცლიდა.

„ჯერ საჭიროა ბაიდენის ადმინისტრაციის მემკვიდრეობის გაწმენდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველი და თანამშრომლობის პირველი ნიშნებიც კი დაენგრია“, - განაცხადა ლავროვმა ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ შესაძლოა მოლაპარაკებების პირობები შეიქმნას.

„რაც შეეხება უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებს, ვიმედოვნებთ, რომ ამისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება. იქამდე, როგორც გუშინდელმა შეხვედრამ ცხადყო, ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოძრაობა ყველა მიმართულებით იწყება. ყოველი შემთხვევისთვის არის მოძრაობის დაწყების დეკლარირებული მზაობა... და არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის, არამედ რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გეოპოლიტიკურ სფეროებში ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პირობების შექმნის მიმართულებითაც“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, 18 თებერვალს ერრიადში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების პირველი შეხვედრა გაიმართა. საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს. ოფიციალური მოსკოვი და ვაშინგტონი საელჩოების რაოდენობის აღდგენაზე და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სპეცწარმომადგენლების ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას არ ესწრებოდა უკრაინული მხარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები