საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ ეს საკითხი არ გადაიჭრა, ვლადიმერ პუტინი იმავეს ცდის, რაც წარსულში არაერთხელ გააკეთა.
“ჩვენ ვიცით რა ხდება, როცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. გაიხსენეთ 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში, ან ყირიმის ანექსია 2014 წელს. ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. თუ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება, ჩვენ მივიღებთ იმავეს, რაც ვნახეთ წარსულში,” - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა NBC-სთან საუბრისას პუტინს “მტაცებელი მონსტრი” უწოდა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაკრონმა მკაფიოდ თქვა, რომ ის კრემლის ლიდერს არ ენდობა და შიშობს, რომ თუ დასავლეთმა ერთიანობა არ დააფიქსირა, პუტინი ვითარების დესტაბილიზაციას კვლავ ცდის.




























