მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უსაფრთხოების ინდუსტრიაში ტექ-გიგანტის Palantir-ის წმინდა მოგება ერთ წელიწადში 668%-ით გაიზარდა

palantir

უსაფრთხოების სფეროს ამერიკულმა გიგანტმა Palantir-მა მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და $1.41 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, Palantir-ის შემოსავალი $100 მილიონით ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუმცა კომპანიის შედეგებმა ყველა პროგნოზს გადააჭარბა.

რაც შეეხება წმინდა მოგებას, აქ გასული წელთან შედარებით საკმაოდ მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. თუ 2025 წლის მე-4 კვარტალში მოგებამ მხოლოდ $79 მილიონი შეადგინა, ამჟამად ეს მაჩვენებელი $608 მილიონამდეა გაზრდილი. ამ მოცემულობით, Palantir-ის თითო ინვესტორი დივიდენდის სახით ერთ აქციაზე $0.25 ცენტს, მიიღებს.

რადგან კომპანიამ ბოლო კვარტალის შედეგებიც გამოაქვეყნა, ცნობილი გახდა ფისკალური შედეგებიც. კერძოდ, ბოლო 12 თვეში Palantir-ის შემოსავალი $4.48 მილიარდამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმ ძირითად ფაქტორებს, რამაც უსაფრთხოების ინდუსტრიაში წარმოდგენილი ტექ-გიგანტის შემოსავლების მკვეთრი ზრდა განაპირობა, უპირველესად სახელდება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, მათ შორის პენტაგონისგან, ასევე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან შეკვეთების მიღება. მათმა საერთო მოცულობამ $570 მილიონი შეადგინა და გადააჭარბა კომერციულ შეკვეთებს, რომელთა მოცულობაც მე-4 კვარტალში $507 მილიონი იყო. აღსანიშნავია, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო შეკვეთების რაოდენობით და მიღებული შემოსავლით Palantir-მა ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ტექ-გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს კარპმა CNBC-სთან საუბრისას თქვა, რომ მომდევნო კვარტალში კომპანია $1.53 მილიარდიდან $1.53 მილიარდამდე შემოსავლის მიღებას მოელის. ეს იმ ფონზე, როცა ექსპერტების პროგნოზი გაცილებით მოკრძალებულია და $1.32 მილიარდს არ სცდება. Palantir-ის ხელმძღვანელის თქმით, ფისკალურ 2026 წელს ტექ-გიგანტს $7.19 მილიარდის შემოსავლის მიღება სურს, რაც მკვეთრად აღემატება 2025 წელს მიღებულ $4.48 მილიარდს.

ცნობისთვის, Palantir-ი უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2000-იანების დასაწყისში PayPal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ თიელმა ალექს კარპთან ერთად დააფუძნა და დღესდღეობით არაერთ ინდუსტრიაშია წარმოდგენილი. მათ შორის, სამხედრო სფეროში, სადაც ქმნის სადაზვერვო მონაცემების შეგროვების უნიკალურ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხელსაწყოებსა და პროგრამებს. თავად Palantir-ის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას საჯაროდ არ ადასტურებს, თუმცა ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ ალ-კაიდას თანადამფუძნებლისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციისას მისი ადგილსამყოფლის დადგენა სწორედ Palantir-ის ტექნოლოგიის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები