„ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში, რათა ქართული საწარმოები გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, მოხდეს ინოვაციური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა’’, - ამის შესახებ USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მიზნით USAID-ისთვის პრიორიტეტულია მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება, გაზარდოს მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები მთელს ქვეყანაში.
ოლსონი ამბობს, რომ საქართველოში USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის მთავარი მიზანია, ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა გადაწყვეტის შეთავაზება, რისთვისაც მეორე მხარის მხარდაჭერაც უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, თუკი არ იქნება ძლიერი მხარდაჭერა კერძო სექტორიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორთან და ვცდილობთ, ინვესტიცია ინოვაციური იყოს. გვინდა, რომ მომავალში ბიზნესის ხელშემწყობი გარემო შეიქმნას და მიგვაჩნია, რომ, ამ მხრივ, კომპანიებთან პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი; ნაცვლად გრანტების მიღებისა, საინტერესო იქნება, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა და ხელი შეუწყონ ისეთ დასაქმებას, რომელიც შედეგად მოიტანს მაღალი ღირებულების საქმიანობას. ამასთან, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მიდგომები სტუმარ-მასპინძლობის სექტორთან და შეიძლება, რომ განვითარდეს ადგილობრივი კომპანიები, მათი ჩართულობა იყოს უფრო მაღალი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სასოფლო-სამეურნეო სექტორთანაც“, - განაცხადა მარიკა ოლსონმა.




























