USAID-ის გრანტების შეჩერების ფონზე, ბიუჯეტიდან დანაკარგის შევსება ქვეყნისთვის წნეხი იქნება, - ამის შესახებ BM.GE-სთან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ფერმერულ მეურნეობებს ბევრი მიმართულებით ეხმარება, რისთვისაც არაერთი პროგრამაა შექმნილი. თუმცა, საერთაშორისო პროგრამები, ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანაკლისს ავსებდა.
"USAID-ის პროგრამების შეჩერების მიუხედავად, საქართველოში სხვადასხვა პროგრამები ჯერჯერობით რჩებიან, თუმცა ქვეყანაში არსებული მოვლენების ფონზე, შეფერხებები იქაც შეინიშნება", - ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
ცნობილია, რომ შეჩერებული პროექტების პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ამ დრომდე ამ სააგენტოს აქტივობა უცნობია. აღნიშნულს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ იმის ფონზე, რომ საქართველოში USAID-ის გრანტები შეჩერებულია, დანაკარგის შევსება ბიუჯეტიდან ქვეყნისთვის წნეხი იქნება.
"გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ხაზგასასმელია ის ცოდნა, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციიდან შემოდიოდა. რათა კიდევ უფრო განევითარებინათ თავიანთი მეურნეობა და კიდევ უფრო თანამედროვე რელსებზე გადასულიყვნენ, რითაც ეს ორგანიზაცია ფერმერებს უზრუნველყოფდა", - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.




























