USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
სამანტა პაუერი აღნიშნავს, რომ გმობენ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის და საბოლოოდ, მათ მიერ ქართველი ხალხისთვის საჭირო მომსახურების გაწევის გაგრძელებას გაართულებს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მსგავსი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელ სამუშაოს ასრულებენ.
როგორც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, აღნიშნულმა კანონმა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები შეიძლება შეაფერხოს, ძალისხმევა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ასევე, ეს საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და რა დროშიც USAID-მა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რომელიც ორმხრივ ინტერესსა და დემოკრატიისადმი საერთო ვალდებულებაზეა აგებული. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისგან ან ძალადობრივი ქმედებებისგან და საქართველოს მთავრობას, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში.