USAID-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა პირდაპირ თანამშრომელს ანაზღაურებად [ადმინისტრაციულ] შვებულებაში უშვებს. სამთავრობო სააგენტომ ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის თავდასხმების შემდეგ განაცხადა.
"7 თებერვლიდან USAID-ის ყველა პირდაპირი თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, გამონაკლისი იქნებიან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მისიის კრიტიკული მნიშვნელობის ფუნქციის შესრულებაზე და ასევე ხელმძღვანელი პირები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
3 თებერვალს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესს წერილით აცნობა სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ დროებით ასრულებს USAID-ის დირექტორის მოვალეობას, თუმცა თქვა, რომ ამ უფლებამოსილების ნაწილი სხვა პირებზეა გადაცემული.
USAID-ი დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც კონგრესმა 1961 წელს შექმნა. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში USAID-ი სახელმწიფო დეპარტამენტს გამოეყო და დამოუკიდებელ სამთავრობო სააგენტოდ ჩამოყალიბდა. სააგენტოს ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარი გადაეცემა კონგრესისგან, რათა დააფინანსოს პროგრამები მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში. დახმარების უმსხვილესი მიმღებები იყვნენ უკრაინა, ეთიოპია და იორდანია და სხვა ქვეყნები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სააგენტო დაახლოებით 10 ათასს ადამიანს ასაქმებს. ტრამპმა თეთრ სახლში მისვლიდან მალევე გამოსცა აღამსრულებელი ბრძანება და საგარეო დახმარება სამი თვით შეაჩერა, რაც ასევე შეეხო USAID-ის პროგრამებს.




























