მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უთოვლობის გამო მესტიაში ტურისტული სეზონი ჩავარდა - რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ადგილობრივი ბიზნესი?

63e611d8e250a
ლიკა მეგუთნიშვილი
10.02.23 23:00
1365
წელს საქართველოს ყველაზე მაღალმთიან მხარეში, სვანეთში ზამთარი უჩვეულოდ თბილია. დეკემბერსა და იანვარში, როცა ზამთრის ტურისტული სეზონი ყველაზე აქტიური და დატვირთულია, თოვლი ფაქტობრივად არ მოსულა.

უთოვლობის გამო, არ გაიხსნა ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასები, რის გამოც, სამთო სპორტის მოყვარულმა არაერთმა მოგზაურმა სასტუმროს ჯავშნები გააუქმა და სტუმრობა მომდევნო წლისთვის გადადო.

როგორც სვანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უთოვლობის გამო მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა.

„უთოვლობის გამო ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. წინა წლებში ზამთარში სრული დატვირთვით ვმუშაობდით, თუმცა წელს ასე აღარ არის. ძალიან ცოტა ტურისტი ჩამოვიდა, გამომდინარე იქიდან, რომ თოვლი არ იყო და შესაბამისად სასრიალო ტრასებიც არ გაიხსნა. ზამთრის სეზონზე დიდ იმედებს ვამყარებდით, თუმცა სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა, წლევანდელი სეზონი ჩავარდა“, - აცხადებს სასტუმრო „შგედის“ დამფუძნებელი, თამუნა ფარჯიანი.

უთოვლობის გამო, ვიზიტორების სიმცირესა და ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე საუბრობს სასტუმრო „ფალიანის“ გენერალური მენეჯერი, მარიამ ფალიანიც.

„ზაფხულის ტურისტული სეზონი სვანეთში ძალიან კარგი და წარმატებული იყო. ჩვენ გვყავდა სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ზამთრის სეზონზე კვლავ ჩამოსულიყვნენ თუმცა, უთოვლობამ ხელი შეუშალათ. ასეთი სვანეთი ჩვენ არ გვახსოვს. უთოვლობამ ყველა სხვა პრობლემა გადაფარა“, - განაცხადა სასტუმრო „ფალიანის“ გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ ფალიანმა.

უთოვლობამ მესტიაში მდებარე სასტუმროების ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორც სასტუმრო „ლამიჟის“ დამფუძნებელი, თამარ ნიგურიანი BMG-სთან ამბობს, მსგავსი ფაქტი, რომ ამინდის გამო ტურისტული სეზონი გაჩერებულიყო, აქამდე არასოდეს ყოფილა.

„წლევანდელი ზამთარი სვანეთის ტურიზმისთვის მოულოდნელად ცუდი აღმოჩნდა. ძირითადად, დეკემბრის ბოლოს იწყებოდა სეზონი და აპრილის ბოლომდე გრძელდებოდა. ეს ხომ არ არის, 2-3 კვირის ტურიზმი, ამიტომ 2-3 თვე დანაკლისი იმის, რომ აქ ტურისტი ვეღარ ჩამოვიდა, ძალიან დიდია. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ვინც წელს აპირებდა ჩამოსვლას, გულახდილად შევატყობინეთ, რომ აქ სრიალს ვერ შეძლებდნენ. ძალიან ბევრმა გადადო ტური, გააუქმეს ბილეთები და არა მარტო ჩვენ, ისინიც ძალიან იმედგაცრუებულები დარჩნენ“, - აღნიშნა თამარ ნიგურიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები