მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელებმა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირება შეამცირეს

ლარები

უცხოელებმა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირება შეამცირეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, არარეზიდენტი პირები 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სულ 153 მილიონი ლარის ობლიგაციებს ფლობდნენ, რაც ნოემბერთან შედარებით 73 მილიონი ლარით ნაკლებია, გასული წლის მეოთხე კვარტალში კი აღნიშნული დაბანდებების ზომა 52%-ით შემცირდა.

არარეზიდენტების მხრიდან სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირების შემცირება მეტყველებს იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორების ნდობა მთავრობის მიერ გამოშვებული ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ შემცირებულია.

მთლიანობაში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა 9.7 მილიარდი ლარია, საიდანაც 6.7 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკების მფლობელობაშია, 1.6 მილიარდი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია, 1.2 მილიარდი ლარი ეკუთვნით ქართულ იურიდიულ პირებს, მათ შორის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს საპენსიო სააგენტოა 1 მილიარდი ლარის დაბანდებით სახაზინო ობლიგაციებში, ხოლო უცხოელი პირების საკუთრებაში მხოლოდ 153 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციებია. ეს სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელის მხოლოდ 2%-ია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, უცხოელების ინტერესი საქართველოს სახელმწიფო ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ ყველაზე მაღალი იყო 2021 წლის ივნისში და ის 710 მილიონ ლარს აჭარბებდა. აღნიშნულ პერიოდთან შედარებით უცხოელების დაბანდებები ქართულ სახაზინო ობლიგაციებში ოთხჯერ არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები