მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელი სტუდენტები მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს? - რა გავლენა ექნება ინიციატივას სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

უმაღლესი განათლება

მთავრობის მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმა შესაძლოა, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხოთ. ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ასე უყურებს პრემიერი ირაკლი კობახიძე უცხოელი სტუდენტების საკითხს და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი სტუდენტები მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს უნდა ჰყავდეთ.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისული "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე ამბობს, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით შექმნილი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ქართველი ექიმების მომზადებას უნდა მოხმარდეს.

"სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება. დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში,შესაბამისად, ხდება რა - სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს", - თქვა კობახიძემ.

კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ უცხოელი სტუდენტების დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის 80 მილიონი იქნება, რომლის ნაწილს სახელმწიფო დააკომპენსირებს.

"უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს", - თქვა მან პარლამენტში გამოსვლისას.

კობახიძე არ უარყოფს, რომ უცხოელ სტუდენტებს არა მხოლოდ ქართულ განათლების სისტემაში, არამედ ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვთ. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების წვლილი 1.2 მილიარდი ლარი იყო. ამიტომ ჩნდება კითხვა რა გავლენას იქონიებს განათლების სექტორზე დაანონსებული ცვლილება და რატომ უკრძალავს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფრო მეტად შემოსავლიანი სტუდენტები ჰყავდეთ.

ბოლო ოთხ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად თუ 2021-2022 სასწავლო წლებში ქვეყანაში ჯამში 17 500 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2024/2025 სასწავლო წლებში 37 100-მდე გაიზარდა არარეზიდენტი სტუდენტების ოდენობა. საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოდის და მათი უმრავლესობა აქ სამედიცინო პროგრამებზე სწავლობს.

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მწირია და როგორც წესი სახელმწიფო უნივერსიტეტები დანაკლისს უცხოელი სტუდენტებით ივსებენ. ეს ინიციატივა კი ამ შესაძლებლობას კლავს.

"[უცხოელი სტუდენტების] კონტრიბუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთლიანად ეკონომიკისთვის, არამედ იმისთვის, რომ თითოეული უნივერსიტეტი გადარჩეს. მაგალითად ილიას უნივერსიტეტს იმიტომ მოუწია საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების დამატება, რომ უბრალოდ შეუძლებელია არსებული დაფინანსების სისტემით საქართველოში არსებულმა უნივერსიტეტებმა განათლების ხარისხი განავითარონ. ამ რესურსების ჩახსნა უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი იქნება", - გვეუბნება უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გაუჭირდება ის შემოსავლები დააკომპენსიროს, რასაც უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტებისგან იღებენ. "ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ამას სახელმწიფო დააკომპენსირებს, მაგრამ არანაირი მტკიცებულება და რიცხვები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები სინამდვილეში დაკომპენსირდება".

უმაღლესი განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი ფიქრობს, რომ ინიციატივის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსების სრული კონტროლი და ის, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამოკიდებული გახდეს, რაც მთავრობას მის კონტროლს გაუადვილებს.

“ბევრი უნივერსიტეტი იძულებული იყო მიეღო უცხოელი სტუდენტი იმიტომ, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა სრულყოფილი არ არის და უნივერსიტეტებს აკლიათ ფული. შეიძლება სულ არ ეხალისებოდა ზოგიერთს ამის გაკეთება, მაგრამ უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული თანხებით ისინი სიცოცხლისუნარიანობას სხვა ფაკულტეტებს უნარჩუნებდნენ. ამიტომ ამის აკრძალვა იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა. მე არ ვიცი როგორ აპირებს სახელმწიფო ამის ანაზღაურებას", - ამბობს ღლონტი BMG-თან საუბრისას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც კობახიძემ ინტერპელაციის დროს ახსენა, დაახლოებით 3500 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. როგორც მისი რექტორი ირაკლი ნატროშვილი გვეუბნება, ყოველწლიურად მათგან შემოსავლის სახით დაახლოებით 80 მლნ ლარს იღებენ.

ნატროშვილი იწონებს მთავრობის ამ ინიციატივას და ამბობს, რომ ფინანსურ დანაკლისს სახელმწიფო დააკომპენსირებს.

"ზოგადად, სამედიცინო განათლება არის ძვირად ღირებული და სამედიცინო განათლება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დღეს არსებული დაფინანსება არის სახელმწიფო ვაუჩერის მიხედვით. წლების განმავლობაში ამ დანაკლისის შევსება ხდებოდა საერთაშორისო სტუდენტების ხარჯზე, რადგან საერთაშორისო სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა უფრო მეტი არის, ვიდრე ეს იყო სახელმწიფო ვაუჩერით გათვალისწინებული. მეორე მხრივ უნივერსიტეტების როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე აკადემიური რესურსის დიდი ნაწილი იხარჯებოდა საერთაშორისო სტუდენტების მომსახურებაზე. ეს ეხება როგორც პერსონალს, ასევე ინფრასტრუქტურას. რა თქმა უნდა, ეს თანხები უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსებას თავის თავზე იღებს და ის თანხები, რაც საჭიროა ქართველი სტუდენტების განათლებისთვის, სახელმწიფო გაიღებს”, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები