მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ეწინააღმდეგება EU-ის ღირებულებებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დღეს "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი.

„ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი წარუდგინა ეუთო/ოდირის დასკვნის დანართით და ერთი ჩასწორებით - კანონმა იმოქმედოს მხოლოდ ერთი დღით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი: პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.

სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები