მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებიდან ყველაზე პოპულარული Temu-ა - ACTR-ის კვლევა

ამანათი გზავნილი Temu

უცხოური პლატფორმებიდან საქართველოში ყველაზე პოპულარული Temu-ა. ამას „ეისითი
კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული გამოკითხვა „ონლაინ ვაჭრობის კულტურა საქართველოში" აჩვენებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უცხოური პლატფორმებიდან ცალსახა პოპულარობით Temu (75%) სარგებლობს. მას მსოფლიო გიგანტი ონლაინ სავაჭრო პატფორმა Amazon-ი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. გამოკითხულთა მხოლოდ 16% ამბობს, რომ ბოლო 6 თვეში Amazon-დან გამოიწერა პროდუქტი. მესამე ადგილს ჩინური ტაობაო იკავებს. ACTR-ის კვლევის მიხედვით, Temu-ს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი წილი რეგიონებზე მოდის.

კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ტანსაცმლისა და აქსესუარების (47%) იძენს. შემდეგ მოდის საყოფაცხოვრებო ნივთები (29%) და
საბავშვო პროდუქტები (20%).

ACTR-ის კვლევის შედეგებით, ონლაინ ვაჭრობას უფრო მეტად ქალები მიმართავენ (60%), ვიდრე კაცები (41%). აღნიშნულ სეგმენტში ჭარბობენ 18-54 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები - ჯამურად 79%.

რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას, კვლევა აჩვენებს, რომ მაღალია რეგიონის წარმომადგენელთა წილი (65%). ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა პროდუქტისა და სავაჭრო ობიექტების ნაკლები მრავალფეროვნებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ ონლაინ მოვაჭრეთა ნახევარი (50%) აქტიურად (მინიმუმ თვეში ერთხელ) ყიდულობს ონლაინ, ხოლო მეორე ნახევარი - შედარებით იშვიათად (2-3 თვეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად).

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებლები უფრო აქტიურად იყენებენ უცხოურ ონლაინ პლატფორმებს რეგულარული შესყიდვებისთვის (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად - 51%), ვიდრე ქართულს (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად - 41%).

ქართველი მომხმარებლების მიერ ონლაინ ვაჭრობისგან თავის შეკავების მიზეზები მრავალფეროვანია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერად პროდუქტის ნახვის გარეშე ყიდვა და ხარისხთან დაკავშირებული რისკები სახელდება. ეს მიუთითებს, რომ მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის უშუალოდ ნახვა შესყიდვამდე.

კვლევის მეთოდოლოგია:

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

მოცემული კვლევა განხორციელდა „ეისითი კვლევის“(ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „მომხმარებლის ხმა“.

კომპანიის განცხადებით, ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება დროულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად.

ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;

„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;

„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;

„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.

ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები