საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 400 000-დან 500 000 ლარამდე გაზრდა გავლენას ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესზე მოახდენს.
როგორც BMG-ის ასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა, ამ ზღვრის ფარგლებში უცხოური ვალუტის სესხებს ძირითადად სწორედ ამ კატეგორიის მსესხებლები იღებენ და ნაკლებად ფიზიკური პირები. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ზღვრის გაზრდა საკრედიტო პორტფელზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
„ეს გადაწყვეტილება მდგომარეობას არსებითად არ შეცვლის, იმ თვალსაზრისით, რომ სესხების ძირითადი ნაწილი ნახევარ მილიონ ლარამდე ისედაც ლარში გადის. თუმცა კონკრეტული პირებისთვის ეს პრობლემური იქნება, უფრო მეტად ეს მტკივნეული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. იმიტომ რომ ფიზიკური პირების მინიმალური რაოდენობა იყო, რომელიც უცხოურ ვალუტაში იღებდა სესხს 400 ათასიდან 500 ათასამდე ზღვრის ფარგლებში.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს უფრო მტკივნეული იქნება, რადგან ყველაზე მეტი წილობრივად ამ პორტფელში მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებია. ამ სესხების დიდი ნაწილი საცალო ბიზნესია, რომელიც იმპორტითაა დაკავებული და მათთვის უცხოურ ვალუტაში სესხის აღება უფრო მოსახერხებელია. კონკრეტულად რა გავლენა ექნება ამას საკრედიტო პორტფელზე, ამაზე ადრეა საუბარი, თუმცა არაა მნიშვნელოვანი რიცხვი. ზოგადად, უცხოურ ვალუტაში და ლარში საპროცენტო განაკვეთი მინიმალურამდეა დასული, დაახლოებით 2.5%-ია განსხვავება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, 500,000 ლარამდე სავალუტო სესხს ვეღარ აიღებენ.